როგორ ამოვარჩიოთ “საუკეთესო” დიზაინერი

საუკეთესო, ძალიან პირობითი ცნებაა. ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ, ასევე ინდივიდები არიან დიზაინერებიც. ჩვენ გვაქვს ჩვენი გემოვნება; დიზაინერი კი, როგორც არ უნდა შეუსაბამოს მის მიერ შექმნილი ინტერიერი ჩვენს გემოვნებას, მასში აუცილებლად დებს საკუთარ აქცენტებს. ამიტომ ჩვენი მიზანია შევარჩიოთ ისეთი დიზაინერი, რომლის მხატვრული ხედვაც ყველაზე უკეთ გამოეპასუხება ჩვენი გულის ძახილს. ამ თემით შემოგთავაზებთ ერთ–ერთ გზას ასეთი დიზაინერის მოსაძებნად.

ეტაპი 1. დიზაინერთა ბაზის მოპოვება.

იმისათვის რომ ამოვარჩიოთ, ჯერ უნდა დავადგინოთ, საიდან. ამისათვის რამოდენიმე მეთოდი არსებობს: (ა) სისტემატურად გავეცნოთ ქართულ ჟურნალებს ინტერიერისა და არქიტექტურის შესახებ და ჩავინიშნეთ იმ დიზაინთა ავტორები, რომლებიც მოგვეწონება. ამ მეთოდის დადებითი მხარეა, ის, რომ დათვალიერებულ დიზაინთა უმრავლესობა უკვე რეალიზებულია. ხოლო რით განსხვავდება რეალიზებული ინტერიერი პროექტისაგან, ამაზე წინა თემაში ვისაუბრეთ :). უარყოფითი მხარე კი დროითი რესურსია; (ბ) შევიძინოთ არქიტექტორთა და დიზაინერთა რომელიმე ალმანახი (მაგალითდ, 2009 წელს გამოცემული “თანამედროვე ქართველი არქიტექტორები”), მოვიპოვოთ მათი რეალიზებული ნამუშევრები და შევარჩიოთ რამოდენიმე. მეთოდის დადებითი მხარე: ხელმისაწვდომია ფაქტობრივად ყველა მოქმედი არქიტექტორ-დიზაინერი. უარყოფითი მახრე: მოსაპოვებელია მათი ნამუშევრები; (გ) მივამართოთ რომელიმე ინტერნეტ რესურსს, სადაც თავმოყრილია ინტერიერის დიზაინზე მომუშავე ფირმათა შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია. მაგალითად “ყვითელი ფურცლები”: http://yell.ge/orgns.php?id=600&lan=1. ვეწვიოთ მათ ვებ-გვერდებს (ვისაც აქვს მითითებული) და დავათვალიეროთ რეალიზებული ნამუშევრები. ისევ და ისევ ჩავინიშნოთ რამოდენიმე დიზაინერი. დადებითი მხარე: დროისა და ფინანსების ეკონომია. უარყოფითი მხარე: ყველა დიზაინერი (განსაკუთრებით ინდივიდუალურად მოქმედნი) არ არიან წარმოდგენილი ასეთ პორტალებზე.

ეტაპი 2. დიზაინერის პორტოფლიოსთან გაცნობა.

ის, რომ გვაინტერესებს დიზაინერის პორტფოლიო, სამარცხვინო არ არის. ჩემი პირადი აზრით ის უფროა სასაცილო, უცხო ადამიანს სიტყვაზე ენდო. ამიტომ, აუცილებლად მოითხოვეთ მის პორტფოლიოსთან (ნამუშევრების ფოტოსურათები) გაცნობა. თანაც, აუცილებლად რეალიზებული პროექტებისა. გარდა ინტერიერის ფოტოებისა, გაეცანით ბინების დაგეგმარებასაც – ის, თუ რამდენად ეფექტურად და მფლობელისათვის კომფორტულადაა გეგმარება გადაწყვეტილი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს დიზაინერზე არჩევანის შეჩერებისას. გამოჰკითხეთ მას, თუ რატომ გადაწყვიტა გეგმარება სწორედ ამ სახით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას. გეგმარება და დიზაინი – კომფორტის ორი უმთავრესი ატრიბუტია.

ეტაპი 3. გასაუბრება მომავალ პროექტზე.

ჰკითხეთ დიზაინერს, რა ინფორმაცია სჭირდება თქვენგან. დიზაინერი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს: რა აუცილებელი ზონები გჭირდებათ ბინაში, რამდენი სული იცხოვრებთ, რამდენად ინტენსიურად გამოიყენება ეს ბინა საცხოვრებლად, ხშირად მოამზადებს დიასახლისი სადილებს თუ ძირითადად ახალგაზრდულ თავშეყრებს მოემსახურება – მოკლედ, დიზაინერი უნდა დაინტერესდეს ოჯახის ცხოვრების სტილით, როგორც გეგმარების მთავარი ქვაკუთხედით; მას ასევე აუცილებლად სჭირდება (ან უნდა სჭირდებოდეს) ინფორმაცია თქვენს გემოვნებაზე – როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, რომელ ფერებს მოაქვთ თქვენთვის სიმშვიდის განწყობა. ინფორმაციის ეს ნაწილი დიზაინის შექმნისას არის საჭირო; დიზაინერი უნდა დაინტერესდეს თქვენი პირადი წარმოდგენებითა და გეგმებით ბინის შესახებ, უნდა ჩაგრთოთ დიზაინის კეთების პროცესში  – ამ ბინაში ხომ სწორედ თქვენ უნდა იცხოვროთ; და ბოლოს, სასურველია, თუკი დიზაინერი წარმოგიდგენთ დიზაინ-პროექტის რამოდენიმე მუშა ვერსიას.

წარმატებულ რემონტს გისურვებთ 🙂

5 Comments

Filed under რჩევები

5 responses to “როგორ ამოვარჩიოთ “საუკეთესო” დიზაინერი

  1. რემონტი ჩვენი ტკივილია 😦

    არ ვიცი, იქნებ წარმატებული მაგალითებიც არსებობს, მაგრამ რაც გამიგია, ძირითადად ღრმად უარყოფით გამოცდილებასთან არის დაკავშირებული – ამან მომატყუა, იმან ფასს მოუმატა, დააგვიანა, არ მოვიდა, უხარისხოდ გააკეთა და ასე შემდეგ…

    ეს ხელოსნებს ეხება, რა თქმა უნდა. დიზაინერთან, წესით, სხვაგვარად უნდა იყოს საქმე. ბოლოს და ბოლოს,შემთხვევით გამვლელი ხომ არ არის, სპეციალისტია.მითუმეტეს, ასე თუ აარჩევ…

    • წინა პოსტში ეგ მიზეზიც ჩამემატებინა, კარგი იქნებოდა: დიზაინერთან ურთიერთობა მთელ ამ დავიდარაბას თავიდან გაცილებს, რადგან დამკვეთს მხოლოდ ერთ დიზაინერთან აქვს ურთიერთობა, რომელიც თვითონ აგვარებს ურთიერთობას ხელოსნებთან. ამასთან საკუთარი გამოცდილებით ურთიერთობა აქვს ხელოსანთა საიმედო ჯგუფთან, ვინც ხარისხიანად ასრულებს სამუშაოს, დამკვეთებზე უკეთ იცნობს მასალებს და ხარისხიან მასალებს იყენებს რემონტში. კიდევ ერთიც არის, თუ მთლიანია სახლის რემონტი კეთდება საშუალო და მაღალი ხარისხით, დიზაინერის დაქირავება ფინანსურადაც ხელსაყრელია ხოლმე, რადგან ბევრი ერთი შეხედვით “უხილავი” დანაკარგის თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

      • და მაინც ზოგისთვის დიზაინერის ასეთი მომსახურება ძვირია და ურჩევნია თვითონ იურთიერთობოს ხელოსნებთან და ა.შ. რაც დიზაინერს ნერვების ფასად უჯდება.სამწუხაროდ ასეთი რეალობაც არსებობს.

  2. მეც ზუსტად მაგ “უხილავ” დანაკარგებზე ვამბობ – ერთი, რომ დრო გადის, ნერვებიც გეხარჯება და ფულს რომ დათვლი, აქ ცოტა, იქ ცოტა, მერე კიდევ ცოტა და საბოლოოდ, სერიოზული გადახარჯვა გამოდის.

Leave a comment