ქართული ინტერიერის დიზაინის თავისებურებანი

შენობათა არქიტექტურა და ინტერიერი ისევე ექვემდებარება მოდის ცვლილებას, როგორც ტანისამოსი და მუსიკა. არის დეტალები, რომლებიც მოდაში იყო და გადავიდა, ზოგიც გადავიდა და ისევ დაბრუნდა, ზოგი კი არც არასოდეს ყოფილა მოდაში, მაგრამ დაჟინებით ვჩურთავთ ყველა შესაძლო შემთხვევაში🙂

ამ თემაში ქართული ინტერიერის დიზაინის თავისებურებებზე მინდა მოგიყვეთ – რა არ არის მოდაში, ანუ Big NO!

No1 – თქვენ მოგწონთ პატარძლის თავზე დაკოსებული უზარმაზარი თმის ბულული, სადაც რამდენიმე წყებადაა ბლომად ლაქ–მოპკურებული კულულების ყვავილები მიცვალებულის „ვენოკივით“ ჩალაგებული? აი, დაახლოებით ასეთივე ფენომენია შეკიდული ჭერების რამდენიმემაგი მიხვეულ–მოხვეულ–ჩახვეულ–ჩახუჭუჭებული ფენისაგან შემდგარი ჭერი. რისთვის ვაკეთებთ ამას – რომ თავაწეულებმა ვიაროთ და ძირს არსებული უწესრიგობები ვერ შევნიშნოთ?! ჭერი თავზე არ უნდა გვაწვებოდეს, იგი უნდა იყოს მსუბუქი და ინტერიერის თანამედროვე მოდა სწორედ ამ სიმსუბუქეს სცემს თაყვანს.

აი, ასეთი რამე არ გააკეთოთ – გადავიდა მოდიდან (საბედნიეროდ):

No2 – დღეისათვის კერამიკული ფილების იმდენად ფართო არჩევანი არსებობს, მისი მოპირკეთებისას ფანტაზიას სრული გასაქანი შეგიძლიათ მისცეთ. არსებობს უამრავი ჟურნალის სახით გამოცემული თუ ონლაინ–კატალოგი, რომლებიც ჩვენს ფანტაზიას ფრთაშესხმისას სწორ გზას აძლევენ. მაგრამ რას ვხედავთ სტუმრად მისულები სველ წერილებში? დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც დაასახელებთ: კედლის ქვემოთ ნახევარი მუქი, ზემოთ ნახევარი ღია ფერის კაფელში, შუაში კი გამყოფი კანტი. ორად–ორი, რითაც ასეთი სან–კვანძები ერთიმეორისაგან განსხვავდებიან, არის კანტის დამაგრების სიმაღლე და კაფელის ფერი. არც ეს ქნათ, გევედრებით: გამოიყენეთ ფილების ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური ჩანაცვლება ფერებში, განსხვავებული დეკორის მქონე ფილები, კედლის დეკორატიული ბათქაში, ნესტგამძლე შპალერი, მოზაიკა, უბრალოდ შეღებეთ, ოღონდ ეს კანტი არა:

No3 – რისთვის გვჭირდება ბინა? საცხოვრებლად, ხომ?! თითქოს პასუხი ადვილია, თუმცა თუ შევხედავთ ქართული ბინების გეგმარებას, ძალიან ხშირად ვნახავთ უზარმაზარ გამოკეტილ „სასტუმრო ოთახს“ და ვიწრო შუშაბანდს (a.k.a ლოჯს), სადაც მთელ დღეს ატარებს ოჯახი. უცხოელ სტუმართა გაკვირვებას ხშირად იწვევს, რატომ აქვთ ოჯახის უფროსებს ერთი ციცქნა საძინებელი საკუთარი თავისათვის და უზარმაზარი ოთახი სტუმრებისათვის. სახლის გეგმარებისას გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი სახლი არის ჩვენი სახლი და არა სასტუმრო. დაიგეგმეთ ბინა თქვენთვის.

No4 – ისევ მოდას რომ გადავწვდე შესადარებლად, წარმოიდგინეთ საღამოს კაბისა და კედების კომბინაცია. ან უარესი – ქუსლიანი ღია ფეხსაცმელი, სპორტული შარვალი და პიჯაკი. წარმოიდგინეთ? არ უხდება ერთმანეთს ხომ? დაახლოებით ასეთივე კომპლექტაცია არის ინტერიერში, როდესაც ჰაი–ტეკის სიცივით გაჟღენთილ მაგიდაზე დგას ფილიპსის LCD ტელევიზორი, მის წინ ვინილ–გადაკრული რბილი ნეოკლასიკური სამეული, იატაკზე აღმოსავლური ხალიჩა მაროკოული ნახატით, კედელზე აივაზოვსკის კომპოზიციის რეპროდუქცია როკოკოში გადაწყვეტილ ნიჟარებიან ჩარჩოში, კედლებთან გოთიკური ლომებით დამშვენებული „დესაუ“ და „გორკა“, ჭერზე არნუვოს ბრწყინვალე წარმომადგენლად ყვავილოვანი ჭაღი და ოთახების გამყოფი ღიობი კი დამშვენებულია ემ–დე–ეფის პრიალა კარით. ასეთი ინტერიერები მრავლადაა და, დამერწმუნეთ, ბინის მეპატრონის კლასიციზმისადმი სიყვარულს მხოლოდ მახინჯ ფერებში წარმოაჩენს. კლასიკა არ არის ერთიანი სტილი, სადაც ყველაფერი შეიძლება ერთმანეთს დავუწყვილოთ და მოვუხდინოთ. დიახ, თანამედროვე დიზაინი ცნობს და მოდის მწვერვალებზე აყენებს ეკლექტიკას, ფიუჟინს, სადაც რომელიმე კლასიკური და თანამედროვე სტილის სინთეზი ცოდნით და გემოვნებითაა წარმოჩენილი, მაგრამ ეს არ გულისხმობს სტილთა უგემოვნო აღრევას. ამოირჩიეთ თქვენთვის მისაღები ორი სტილი, შეახამეთ ზომიერად და არ მიიღებთ ამას:

ან ამას:

ისე ნუ გამიგებთ, თითქოს კლასიკურ სტილს პატივს არ ვცემდე – პირიქით, მიყვარს და ვაფასებ, ისევე როგორც ყველაფერს, გემოვნებით შესრულებულს. ამიტომ ამ თემის დასასრულს დაგიტოვებთ ერთი ქართული ინტერიერის ფოტოებს, რომლის რეალიზაციის შესახებ განცხადებას ერთ–ერთ ქართულ პორტალზე წავაწყდი – ხანდახან ქართველებსაც გვაქვს გემოვნება, რაც მეძალიან მიხარია🙂

6 Comments

Filed under რჩევები

6 responses to “ქართული ინტერიერის დიზაინის თავისებურებანი

  1. აი, ის ზედა სურათები – არ ქნათ არაფრის დიდებითო – ბევრგან მინახავს🙂 და სახლის მეპატრონეთა ამაყი გამომეტყველებაც, რა შეძლებულად ვცხოვრობთო…

    სამაგიეროდ, ბოლო სესიაა უმაგრესი!

  2. მადლობა, მოლი🙂
    მიხარია, ჩემს განწყობას რომ იზიარებ.
    ეგ მრავალდონიანი და ხინკალივით “მრავალნაკეციანი” ჭერი ნამდვილად იყო მოდური და აქტუალური დაახლოებით ათიოდე წლის წინ, მაგრამ არა ახლა, რაც მე ძალიან მიხარია🙂

  3. Taa

    ინებეთ ბონუსად ჩემგან🙂

    http://newlight.ge/geo/projects?galid=92

  4. თჯ

    ძალიან მთრგუნავს (ბავშვობიდან) ქართული ერთფეროვნება (ზოგადად, მაგრამ ფერსაც გულისხმობს – ხისფერ-ყავისფერ-ბეჟში) და აღმოსავლური ხალიჩები, განსაკუთრებით თუ კედელზე ეკიდა.🙂
    ჩემი (დედაჩემის) სახლიც ჩემთვის ყოვლად მიუღებელ სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან მიჭირს იქ ცხოვრება. (როცა იქ ვარ)

    მე არ მიყვარს არაფერი ძველებური, ორნამენტებიანი, როკოკოები, მრგვალი მაგიდები, სერვანტებს და დესაოებს და მისთანებს ვემტერები.
    მაგრამ , დარწმუნებული ვარ, საქართველოში ერთმანეთის წამბაძველობით ჩემს საყვარელ სტილსაც მოსაბეზრებელს და უღიმღამოს გახდიან. (როგორც ჩემს საყვარელ სახელებს ელენეს, მარიამს და ანას უქნეს )) :)))))

  5. სანკვანძში მსგავსი კანტის დანახვაზე მბურძგლავს და კიდევ საშინლად არ მიყვარს და უგემოვნობის მაჩვენებლად მიმაჩნია შავ-თეთრი კაფელის შახმატურად გამოყენება

  6. Bolo 2 welia gacilebit miaqcies kuradgeba qartvelebmac gansxvavebul interierebs

    Mixaria

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s