Tag Archives: ზონირება

ჩემი ბინა: დაგეგმარება და დიზაინი

არ მახსოვს, მიხსენებია თუ არა, რომ ამ ბლოგს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვქმნი(დი). სამზარეულოს, გარდერობის, ბავშვის ოთახისა თუ განათების გეგმარების შესახებ პოსტები ჩემი ინტერესის გამოძახილია – ის ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მისაღებად შევაგროვე, პოსტებად გადმოვეცი. ერთი წლის წინ ახალი ბინის შეძენამ გაფართოების საშუალება მოგვცა და მის დაგეგმვასაც შევუდექი.

პროექტი და მოცემულობა:

ბინა 4-ოთახიანია, ე.წ. ჩეხური პროექტი. ფართობი: 100 კვ.მ. აივნების ჩათვლით. მდგომარეობა: შავი კარკასი. ტიხრების ნაწილი მოხსნილი. სწორედ ისაა, რაც გვინდოდა – საყრდენ კედელს არ შევეხებით, სხვა მხრივ კი თავისუფლებას გვაძლევს გეგმარებაში.

ფანჯრების მდებარეობაა ჩრდილო-აღმოსავლეთით კაბინეტი და საძინებელი ოთახები, სამხრეთ-დასავლეთით მისაღები და სამზარეულო.

დაგეგმარება:

პროცესი იმ ზონების და ფუნქციების ჩამოთვლით დაიწყო, რაც ბინას უნდა ეტვირთა. ზოგიერთ კუთხეს ორმაგი ფუნქციის შესრულება შეუძლია – დასასხდომი ზონა (sitting zone) კომბინირებულ იქნა ტელევიზორის საყურებელ ზონასთან, სამრეცხაო ზონისათვის ადგილი სან-კვანძის გაფართოების ხარჯზე გამოინახა (არა სააბაზანო ოთახის, როგორც მიღებულია პრაქტიკაში), ხოლო საბავშვო ოთახში სთამაშო ზონა გაიზარდა იკეას ანტრესოლიანი საწოლის გამოყენებით.

მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მარტივი სამოძრაო ბილიკების დატოვება იმგვარად, რომ ერთი ზონიდან მეორეში მოსახვედრად რაც შეიძლება ნაკლები შემოვლის გაკეთება იყოს საჭირო.

დაგეგმარება და ვიზუალიზაცია პროგრამა planner5d.com-ში გავაკეთე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანე archicad-ის ფაილში, რადგან პირველი გაცილებით მოსახერხებელია სამუშაოდ მოყვარულისათვის. მხოლოდ ყველა საჭირო ზონისა და ავეჯის განლაგების შემდეგ გადავიტანე ტიხრები archicad-ში.

ვრცლად

2 Comments

Filed under ზოგადი

განათება. ფუნქციონალური ასპექტები.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც ინტერიერის განათებისას ვაწყდებით, მისი დაუგეგმაობა, ან ინტერიერისგან გეგმარებისგან განცალკევებული დაგეგმვაა. ძალიან ხშირად ოთახის ცენტრში ერთი ჭაღია ჩამოკონწიალებულია და მასზეა დაკისრებული მთელი ოთახის განათების ფუნქცია. ისეც ხდება, რომ მოგრძო ოთახში ორი ძირითადი განათების წერტილია და სინათლის ნაკლებობა არ იგრძნობა, ან მთელ ჭერზეა მიმოფანტული (თუნდაც სიმეტრიულად და არაქაოტურად) ჩაშენებული სანათები, მაგრამ განათება თავისთვისაა და ინტერიერი კი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ამ პოსტში იმაზე გესაუბრებით, როგორ უნდა დავგეგმოთ განათება გონივრულად, რათა ბინის მაცხოვრებლებს ემსახუროს საცხოვრებელ ზონებთან ჰარმონიაში.

განათება დანიშნულების მიხედვით 3 კლასს შეიძლება მივაკუთვნოთ: საერთო (ფონური), მიზნობრივი (ფუნქციონალური) და დეკორატიული განათება.

საერთო განათების მიზანი ოთახის მთლიანი საერთო განათების წყაროთი უზრუნველყოფაა – მან არ უნდა დატოვოს ოთახში გაუნათებელი ზონები, თუმცა საშუალო ილუმინაციას უნდა იძლეოდეს. როგორც წესი, განათავსებენ ჭერზე (ხშირად) ან კედლებზე (შედარებით იშვიათად).

 

ფუნქიონალური განათება ყველა ზონას საკუთარი აქვს. იგი აუცილებლად ოთახის საერთო გეგმარებასთან ერთად იგეგმება. ფუნქციონალური განათება უნდა ჰქონდეს: სასადილო მაგიდებს – საკუთარი ჭაღების სახით;

 

სამზარეულოს სამუშაო ზედაპირს – წერტილოვანი და ლედ-ლენტის სახით, რომელიც, სასურველია, ზედა ჩამოსაკიდი თაროების ქვედა კედელში იყოს დატანებული;

 

ვრცლად

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები

სივრცის ზონირება

თანამედროვე ინტერიერი დიდად არ სწყალობს კედლებს, კარებს, სიმძიმეს, სიბნელეს. თანამედროვე ინტერიერს უყვარს სივრცე. ოღონდ ორგანიზებული, მოწესრიგებული, მშვიდი სივრცე.

მართლაც, ვინ იდავებს იმაზე, რომ დიდი ფართის მქონე ოთახი კარგია: სივრცის დანახვა თვალს სიამოვნებს და ფსიქიკაც ისვენებს. მაგრამ ეს პოსტულატი ჭეშმარიტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სივრცე ზონირებულია გონივრულად: ყოველ ფუნქციას საკუთარი ზონითა აქვს გამოყოფილი, ეს ზონები არ კვეთს ერთმანეთს და ამასთან გათვალისწინებული წარმოსახვითი ბილიკები მათ შორის დაუბრკოლებლად გადასაადგილებლად. ზონების დაუგეგმარებლად თავისუფალი სივრცე ერთგვარ აურზაურად იქცევა, რომელშიც ყოფნა თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ.

ზონირების მრავალგვარი მეთოდი არსებობს: დაწყებული კედლებით და დამთავრებული წარმოსახვითი ზონებით. გავყვეთ ამ გრადაციას და მოკლედ მიმოვიხილოთ, რათა გემოვნებისა და სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით ოპტიმალური ვარიანტის არჩევა შევძლოთ. ვრცლად

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები

როგორ დავგეგმოთ რემონტი გონივრულად

ფუნქციონალური და რაციონალური რემონტის დაგეგმვა რეალიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვან სტადიას მოიცავს, რომელთა გამოტოვება უთუოდ დააზარალებს თქვენი შემდგომი ცხოვრების კომფორტის ხარისხს. მიმდინარე პოსტში გარკვეულწილად დავაჯამებ და გეგმის სახეს მივცემ რემონტის სტადიებს, ამასთან მოკლე განმარტებას გავუკეთებ თითოეულ მათგანს. ვიმედოვნებ, ჩემი პოსტი მცირე დახმარებას მაინც გაგიწევთ ამ შრომატევადი პროცესის წარმატებით წარმართვაში. ველოდები თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებსაც 🙂

პ. ს. იგულისხმება, რომ ბინის აზომვითი ნახაზი რემონტის დაწყებამდე უკვე გაგაჩნიათ.

1. საჭირო ფუნქციონალური ზონების გამოყოფა და პრიორიტეტების დასახვა.

ჩამოწერეთ, რა და რა ფუნქციონალური ზონები გჭირდებათ საცხოვრებელ ბინაში. რომელი მათგანისათვის მიგაჩნიათ აუცილებლად ცალკე ოთახის გამოყოფა, რომლისათვის უშვებთ სხვა ზონებთან ინტეგრაციას. მიუწერეთ პრიორიტეტები, რომელ ფუნქციონალურ ზონას დათმობთ ფართის უკმარისობის შემთხვევაში და რომელია პირველადი საჭიროების. ასეთი სიის გაკეთება თავიდან აგარიდებთ როგორც ზონის დუბლირებას და ძვირფასი მეტრების დაკარგვას, ასევე საჭირო ზონის გარეშე დარჩენას. აქვე შემოგთავაზებთ სხვადასხვა პოპულარული ზონების ვარიაციებს, სია თქვენც შეგიძლიათ განავრცოთ საკუთარი საჭიროებების მიხედვით:

საძინებელი უფროსებისათვის, ოჯახის პატარა წევრებისათვის და სტუმრებისათვის, ბავშვთა თამაშის და სპორტული განვითარების ზონა, სამეცადინო ბავშვებისათვის, კაბინეტი, უფროსების გარდერობი, ბავშვთა გარდერობი, სამრეცხაო, სან-კვანძი უფროსებისათვის, ბავშვებისათვის და სტუმრებისათვის, სამზარეულო, სასადილო ზონა, საკომუნიკაციო ზონა (sitting area), ვიდეო კუთხე / სახლის კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, ბარი, საქვაბე და ა. შ. საკმარისი ფართის არსებობის და მასპინძელთა სპეციფიური გემოვნების გათვალისწინებით სია შეიძლება გაამრავალფეროვნოთ ბილიარდის ან პინგ-პონგის მაგიდით, DJ–აპარატურის კუთხით, როიალით თუ სინთეზატორით, ზამთრის ბაღით, ტრენაჟორების კუთხით, საუნით და სოლარიუმითაც კი. მთავარია, ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც თქვენი ფანტაზია, ბინის ფართობი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი გასწვდება.

ვრცლად

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები