Tag Archives: განწყობის დაფა

ჩემი ბინა: დაგეგმარება და დიზაინი

არ მახსოვს, მიხსენებია თუ არა, რომ ამ ბლოგს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვქმნი(დი). სამზარეულოს, გარდერობის, ბავშვის ოთახისა თუ განათების გეგმარების შესახებ პოსტები ჩემი ინტერესის გამოძახილია – ის ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მისაღებად შევაგროვე, პოსტებად გადმოვეცი. ერთი წლის წინ ახალი ბინის შეძენამ გაფართოების საშუალება მოგვცა და მის დაგეგმვასაც შევუდექი.

პროექტი და მოცემულობა:

ბინა 4-ოთახიანია, ე.წ. ჩეხური პროექტი. ფართობი: 100 კვ.მ. აივნების ჩათვლით. მდგომარეობა: შავი კარკასი. ტიხრების ნაწილი მოხსნილი. სწორედ ისაა, რაც გვინდოდა – საყრდენ კედელს არ შევეხებით, სხვა მხრივ კი თავისუფლებას გვაძლევს გეგმარებაში.

ფანჯრების მდებარეობაა ჩრდილო-აღმოსავლეთით კაბინეტი და საძინებელი ოთახები, სამხრეთ-დასავლეთით მისაღები და სამზარეულო.

დაგეგმარება:

პროცესი იმ ზონების და ფუნქციების ჩამოთვლით დაიწყო, რაც ბინას უნდა ეტვირთა. ზოგიერთ კუთხეს ორმაგი ფუნქციის შესრულება შეუძლია – დასასხდომი ზონა (sitting zone) კომბინირებულ იქნა ტელევიზორის საყურებელ ზონასთან, სამრეცხაო ზონისათვის ადგილი სან-კვანძის გაფართოების ხარჯზე გამოინახა (არა სააბაზანო ოთახის, როგორც მიღებულია პრაქტიკაში), ხოლო საბავშვო ოთახში სთამაშო ზონა გაიზარდა იკეას ანტრესოლიანი საწოლის გამოყენებით.

მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მარტივი სამოძრაო ბილიკების დატოვება იმგვარად, რომ ერთი ზონიდან მეორეში მოსახვედრად რაც შეიძლება ნაკლები შემოვლის გაკეთება იყოს საჭირო.

დაგეგმარება და ვიზუალიზაცია პროგრამა planner5d.com-ში გავაკეთე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანე archicad-ის ფაილში, რადგან პირველი გაცილებით მოსახერხებელია სამუშაოდ მოყვარულისათვის. მხოლოდ ყველა საჭირო ზონისა და ავეჯის განლაგების შემდეგ გადავიტანე ტიხრები archicad-ში.

ვრცლად

2 Comments

Filed under ზოგადი

როგორ დავგეგმოთ რემონტი გონივრულად

ფუნქციონალური და რაციონალური რემონტის დაგეგმვა რეალიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვან სტადიას მოიცავს, რომელთა გამოტოვება უთუოდ დააზარალებს თქვენი შემდგომი ცხოვრების კომფორტის ხარისხს. მიმდინარე პოსტში გარკვეულწილად დავაჯამებ და გეგმის სახეს მივცემ რემონტის სტადიებს, ამასთან მოკლე განმარტებას გავუკეთებ თითოეულ მათგანს. ვიმედოვნებ, ჩემი პოსტი მცირე დახმარებას მაინც გაგიწევთ ამ შრომატევადი პროცესის წარმატებით წარმართვაში. ველოდები თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებსაც 🙂

პ. ს. იგულისხმება, რომ ბინის აზომვითი ნახაზი რემონტის დაწყებამდე უკვე გაგაჩნიათ.

1. საჭირო ფუნქციონალური ზონების გამოყოფა და პრიორიტეტების დასახვა.

ჩამოწერეთ, რა და რა ფუნქციონალური ზონები გჭირდებათ საცხოვრებელ ბინაში. რომელი მათგანისათვის მიგაჩნიათ აუცილებლად ცალკე ოთახის გამოყოფა, რომლისათვის უშვებთ სხვა ზონებთან ინტეგრაციას. მიუწერეთ პრიორიტეტები, რომელ ფუნქციონალურ ზონას დათმობთ ფართის უკმარისობის შემთხვევაში და რომელია პირველადი საჭიროების. ასეთი სიის გაკეთება თავიდან აგარიდებთ როგორც ზონის დუბლირებას და ძვირფასი მეტრების დაკარგვას, ასევე საჭირო ზონის გარეშე დარჩენას. აქვე შემოგთავაზებთ სხვადასხვა პოპულარული ზონების ვარიაციებს, სია თქვენც შეგიძლიათ განავრცოთ საკუთარი საჭიროებების მიხედვით:

საძინებელი უფროსებისათვის, ოჯახის პატარა წევრებისათვის და სტუმრებისათვის, ბავშვთა თამაშის და სპორტული განვითარების ზონა, სამეცადინო ბავშვებისათვის, კაბინეტი, უფროსების გარდერობი, ბავშვთა გარდერობი, სამრეცხაო, სან-კვანძი უფროსებისათვის, ბავშვებისათვის და სტუმრებისათვის, სამზარეულო, სასადილო ზონა, საკომუნიკაციო ზონა (sitting area), ვიდეო კუთხე / სახლის კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, ბარი, საქვაბე და ა. შ. საკმარისი ფართის არსებობის და მასპინძელთა სპეციფიური გემოვნების გათვალისწინებით სია შეიძლება გაამრავალფეროვნოთ ბილიარდის ან პინგ-პონგის მაგიდით, DJ–აპარატურის კუთხით, როიალით თუ სინთეზატორით, ზამთრის ბაღით, ტრენაჟორების კუთხით, საუნით და სოლარიუმითაც კი. მთავარია, ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც თქვენი ფანტაზია, ბინის ფართობი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი გასწვდება.

ვრცლად

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები