ლეგენდა სახელად: Eames

მეოცე საუკუნის დასაწყისში აშშ-ში დაიბადა 2 ადამიანი, რომელთა კოლაბორაციამ ახალი ეპოქა შექმნა არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში. მათ მიერ 40-50-იან წლებში შექმნილი ავეჯი დღესაც თანამედროვე და აქტუალურია. მაგრამ არა მხოლოდ ავეჯის დიზაინით შემოიფარგლება მათი მოღვაწეობა: ისინი ქმნიდნენ ჟურნალების ყდებს, ტექსტილს, პოსტერებს, ნახატებს, ფილმებს, და ბოლოს, იყვნენ შესანიშნავი არქიტექტორები – გენიალური ფრენკ ლოიდ რაიტის სტილის თაყვანისმცმელები და მიმდევრები.

* * *

ჩარლზ იმზი (Charles Eames) დაიბადა 1907 წელს. არქიტექტურა გაკვრით შეისწავლა ვაშინგტონის უნივერსიტეტში 2 წლის განმავლობაში. შემდეგ თანამედროვე არქიტექტურის სიყვარულმა აკადემიურ სწავლაზე გული აუცრუა და პრაქტიკას მიჰყო ხელი. ერთი ოჯახის შექმნისა და განქორწინების შემდეგ სამსახურში იპოვა ცხოვრების სიყვარული – ბერნის ალექსანდრა კაიზერი, იგივე რეი (Ray Eames). ასე დაიწყო ამ ნიჭიერი წყვილის მდიდარი შემოქმდებით კარიერა.

1940-იანების დასაწყისში იმზებმა საკუთარ ბინაში დაიწყეს ექსპერიმენტის ჩატარება ფანერაზე – წყვილს სურდა იაფი და მარტივი მასალისათვის მიეგნოთ, რომლითაც ხელმისაწვდომ ავეჯს შექმნიდნენ. ამ ექსპერიმენტების ერთ-ერთი პირველი შედეგი იყო ფანერის სათამაშო სპილო.

დღეს ეს სპილო დიზაინერთა საყვარელი დეკორია და იშვიათად გამოიყენება თავდაპირველი დანიშნულებით (ამჟამად უკვე მაღალი ფასის გამო). მას უშვებენ სხვადასხვა შეფერილობით და უდავოდ ძალიან თანამედროვედ გამოიყურება 21-ე საუკუნის ინტერიერებში:

ფანერაზე ექსპერიმენტებმა შემდეგ წლებშიც გასტანა. შედეგად 1946 წელს წყვილმა შექმნა სკამი DCW (Dining Chair Wood), რომელმაც საკუთარი სისადავით, კომფორტულობითა და სიიაფით მალევე მოიპოვა პოპულარობა. ამ სკამს დღემდე იყენებენ ინტერიერის დიზაინერები.

ამ სკმამს მეორე მოჰყვა, DCM – ფანერის კარკასით მეტალის ფეხებზე:

ფანერაზე წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ სხვა მასალების რიგი დადგა. და წყვილმა ახალი ექსპერიმენტები დაიწყო – ამჯერად, მინაბოჭკოთი. მინაბოჭკოს ფენების ერთმანეთზე დაწებებისა და პრესში სპეციალური ფორმის მიცემით ღებულობდნენ სკამის კარკასს. ასეთი კარკასი საკმარისად მყარი იყო და როგორც სინთეტიური მასალა, პოტენციურად დაბალბიუჯეტური შეიძლებოდა ყოფილიყო; მასალის პლასტიკურობა კი ერგონომიკისადმი ახალი მიდგომების შესაძლებლობებს ბადებდა. ამ ექსპერიმენტების პირმშო 1948 წელს მოევლინა სამყაროს: ერთგვარი სკამ-შეზლონგი, ქრომირებულ ფეხებსა და მუხის ხის სადგამზე.

სკამის თვითღირებულება ტექნოლოგიის ჩანასახოვანი მდგომარეობის გამო, მაინც საკმარისად მაღალი იყო, ამიტომ წარმოებაში არ ჩაშვებულა 1996 წლამდე – ამჟამად მისი გამოშვების ექსკლუზიური უფლება კომპანია ვიტრას აქვს.

მომდევნო 2 წელიწადში ტექნოლოგია დაიხვეწა და მინაბოჭკოების ფენების “მშრალად” დაწებება გახდა შესაძლებელი, ნაცვლად “სველი” ადჰეზიისა პოლიმერული მასალის გამოყენებით. ამან კარკასის დამზადება საკმარისად გააიაფა. ამ დროისათვის წყვილმა ახალი სკამის დიზაინიც შექმნა – მინაბოჭკოს სავარძელი მეტალის ფეხებზე და მინაბოჭკოს სარწეველა-სავარძელი:

კიდევ ერთი წელი დასჭირდა მინაბოჭკოს სკამის შექმნას. მყარი სკამის წარმოება უფრო რთული აღმოჩნდა – სავარძელს მკლავები დამატებით სიმყარეს სძენდა, სკამის შემთხვევაში კი სრული დატვირთვა საზურგეს უნდა აეღო საკუთარ თავზე.

და აი, 1951 წელს მზს შუქი იხილა ნამდვილმა ლეგენდამ – სკამმა, რომელიც 65 წლის შემდეგაც არის ულტრათანამედროვე, ტრენდული და ძალიან მოთხოვნადი.

ზემოთმოყვანილ ფოტოებზე სკამების თავდაპირველი დიზაინებია წარმოდგენილი – ფერებისა და კარკასის შედარებით მწირი არჩევანით. ამჟამად მწარმოებელი (Herman Miller) უშვებს იმზების სკამებს ფერთა ფართო გრადაციით მეტალის, ხის, სარწეველა და გორგოლაჭებიან ფეხებზე.

1961 წლის მოდიფიკაციით სკამები უკვე მინაბოჭკოს ნაცვლად პლასტიკისაგან (პოლიპროპილენისგან) იწარმოება – ამ ცვლილების მიზანი როგორც თვითღირებულების დაწევა, ასევე ფერების უფრო დიდი არჩევანის შეთავაზება იყო. ბაზარზე ასევე მრავლადაა არალიცენზირებული ასლები – თბილისშიც მრავლად შეხვდებით ავეჯის მაღაზიებში.

წყვილის შემოქმედებითი ბუნება ამით არ დაკმაყოფილდა და 1956 წელს წარმოებაში კიდევ ერთი კლასიკა ჩაუშვა – ლაუნჯ სავარძელი ოტომანით (ფეხების დასადები პატარა სკამი). სავარძელი სრულად პასუხობს იმზების დიზაინის მთავარ კრედოს – დიზაინი კომფორტისათვის. ფანერის რამდენიმესაფეხურიან კარკასზე დამაგრებულია რბილი ტყავის ბალიშები ბუმბულის შიგთავსით. ამავე პრინციპითაა შექმნილი ოტომანიც. კომპლექტი გამოვიდა უაღრესად მყუდრო, მოსახერხებელი, დასვენების და მოდუნების ნამდვილი სავანე. თუმცა იგი ერთგვარი გადახვევაა იმზების “იაფი დიზაინიდან”. მაღალი ფასისი მიუხედავად ის დღემდე პოპულარულია და უაღრესად თანამედროვედ გამოიყურება 21-ე საუკუნის ინტერიერებში.

პოსტის მიწურულს 1958 წელს გამოშვებული საოფისე სკამი და სავარძელი უნდა ვახსენო, რომელიც იყიდება როგორც ცალკე, ასევე ოტომანთან კომპლექტში. ძნელი წარმოსადგენია, რომ ალუმინის კარკასზე აწყობილი ტყავის  ეს “თანამედროვე” ნივთი 58 წლისაა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა. იმზების დიზაინით იქმნებოდა სხვა სკამები და სავარძლები, კაბინეტის მაგიდები, კარადები და შენახვის სისტემები, ყავის და სასადილო  მაგიდები, თამაშები, ტექსტილი, არტ-ობიექტები. იმზებმა, როგორც არქიტექტორებმა დააპროექტეს რამდენი სახლი (მ.შ. საკუთარი), საზოგადოებრივი შენობები და 2 ეკლესია. თანამედროვე დიზაინი დიდ ვალშია ამ გენიალურ წყვილთან – რომ არა იმზები, 21-ე საუკუნის ესთეტიკა სხვაგვარი (და გავბედავ ვივარაუდო, ნაკლებად მიმზიდველი) იქნებოდა.

4 Comments

Filed under ბრენდი

4 responses to “ლეგენდა სახელად: Eames

  1. მადლობა. საინტერესო იყო🙂 იკითხება და იკითხება

  2. Stylissimo

    InnDesign – ის ფეისბუქ ქავერი❤ :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s