საძინებელი ოთახის მოწყობის პრინციპები

ოთახი, საიდანაც ვიწყებთ და სადაც ვამთავრებთ დღეს, აუცილებლად უნდა იყოს ძალიან კარგი – კარგად გააზრებული, თქვენზე მორგებული, კომფორტული და ლამაზი! რა თქმა უნდა, ოთახის ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს დაგეგმვისას, თუმცა არის პრინციპები, რომელთა დაცვაც ნებისმიერი ზომის ოთახშია შესაძლებელი.

სტილი:

გემოვნების საკითხია, თუმცა ერთი სტილის ან ძირითადი ვექტორის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, საძინებელი შეიძლება გადაწყვიტო თანამედროვე კლასიკის, ეკო-დიზაინის, 60-იანების, ინდუსტრიალურ (ე.წ. ლოფტ), ქანთრი, პოპ-არტ და ა.შ. სტილში.  აირჩიეთ სტილი თქვენი გემოვნების შესაბამისად. არ არის აუცილებელი და უკუნაჩვენებიც კია, რომ ყველაფერი მკაცრად ერთ სტილში შეიძინოთ, თუმცა ავეჯის, განათების საშუალებების თუ აქსესუარების არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რამდენად მოუხდება ამ სტილის ოთახს.

ფერები:

საძინებელი ის ოთახია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, ამიტომ, გირჩევთ, ძირითად ფრად მშვიდი, აქრომატული, ანუ ნეიტრალური ფერები გამოიყენოთ. ამასთან გაითვალისწინეთ, რაც უფრო ნათელია და მზიანია ოთახი, მით ნაკლებადაა აუცილებელი თბილი ფერების გამოყენება, ხოლო ცივი ნაცრისფერისა და თეთრის ჭარბად გამოყენება დასაშვებია; ნაკლებად განათებულ და უმზეო (ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე) ოთახში კი მაქსიმალური რაოდენობით უნდა ფიგურირებდეს თბილი ფერები – ბეჟი, ხის ფაქტურები, რძისფერი… ქრომატული ფერები გამოყენება აქცენტებად შეგიძლიათ. წესი იგივეა – თბილი ქრომატული ფერები (ყვითელი, ვარდისფერი, ტერაკოტა…)  ცივ ოთახებში, ცივი ფერები (ცისფერი, მწვანე, ლურჯი…) კი – მზიან ოთახში.

შენიშვნა: ეს პუნქტი ძალიან სუბიექტურია – ქრომატული ფერების ძირითად ფონად გამოყენებაც კარგად გამოსდით პროფესიონალებს, მაგრამ ცოდნა, ზომიერება და დაბალანსება ძალიან კრიტიკულია. თუ შიშობთ, რომ არ გადაამლაშოთ, ზემოთმოყვანილი წესი ყოველთვის იმუშავებს.

განათება:

თუ რემონტს ნულიდან იწყებთ, ოთახის ძირითადი განათების გარდა გაითვალისწინეთ საწოლისგვერდითა სანათებიც. მათი პირდაპირი დანიშნულება მშვიდი განწყობის შექმნაა,  და არა კითხვისათვის საჭრო განათების შექმნა, ამიტომ დაბალი თბილი ნათების სანათებს მიანიჭეთ უპირატესობა. საკითხავად დამატებითი მიმართული განათებები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ასევე დამატებითი ფუნქციონალური განათებები შეიძლება დამონტაჟდეს საჭიროების მიხედვით: გარდერობთან ან გარდერობში (რომელიც კარის გაღებისას ინთება), საკითხავ სავარძელთან, გვერდითი სანათები სარკესთან და ა.შ.

საწოლის გვერდითა სანათების განთავსების სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: ტუმბოებზე (ელეგანტური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ტუმბოს ზედაპირის ძვირფას ადგილს იკავებს), კედელზე ბრების სახით, ან ჭერიდან დაშვებული მომცრო სანათები გრძელ კაბელზე. თუ რემონტი უკვე გაკეთებული გაქვთ და კედელზე და ჭერზე განათების წერტილებს ვეღარ დაუმატებთ, და არც ტუმბოზე გინდათ სანათების შემოდგმა, შეგიძლიათ ალტერნატიულ გადაწყვეტილებას მიმართოთ და ამისთვის გამოიყენოთ საწოლის გვერდით არსებული შტეფსელები:

შტეფსელები რომ უნდა გქონდეთ საწოლის ორივე მხარეს, მგონი, თქმა არ სჭირდება. სასურველია, ორმაგი. ასევე კარგი გადაწყვეტილებაა რევერსული ჩამრთველების დამონტაჟები ოთახის შესასვლელთან და საწოლთან, რათა შუქის ჩასაქრობად ადგომა არ დაგჭირდეთ.

შესანახი სივრცე:

ის, რაც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ოთახის ზომაზე, ტანსაცმლის შესანახი სივრცეა – მომცრო საკიდებიდან დაწყებული

უზარმაზარი გარდერობით დამთავრებული.  როგორც ფოტოდან ჩანს, კარადისთვის აუცილებელი სივრცის არქონის შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილებებსაც შეიძლება მივმართოთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, იშვიათი და არასეზონური ტანსაცმლისათვის ცალკე (სხვა ოთახში) კარადის ქონა მაინც აუცილებელია. ხოლო თუ სივრცე გაძლევთ საშუალებას, გარდერობი შეგიძლია დაგეგმოთ ძალიან ერგონომიულად – ამისათვის თანამედროვე მწარმოებლები ფურნიტურის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ.

ტექსტილი:

ჭრელი თეთრეული არ არის მოდური. რაც არ უნდა ლამაზი მოგეჩვენოთ თეთრეულის პრინტი, საწოლ ოთახს მთელ პეწს დაუკარგავს. გამონაკლისია ე.წ. ბოჰემური სტილი. ასე განსაჯეთ, ქანთრი სტილშიც აჯობებს არჩევანი ტილოს თეთრეულზე შეაჩეროთ, ხოლო ყვავილებიანი ტექსტილი გადასაფარებლის ნაწილში და ფარდებში გამოიყენოთ.

ფერადი აქცენტის შემოსატანად გადასაფარებელი, ფარდები და ხალიჩა იდეალური გადაწყვეტილებაა, სხვა აქსესუარებთან ერთად.

საწოლის “ალაგება” – ე.წ. layering:

ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს ცალკე განყოფილებას. ყველაზე ფეშენებელური ოთახიც კი უბრალოვდება, თუ მასში საწოლი ოთახი “უბრალოდ” დალაგებულია. თანამედროვე საძინებლებში საწოლზე ტექსტილი ლაგდება layering-ის, ანუ ფენებად მოწყობის პრინციპით. ბალიშები ორ-სამ რიგად ეწყობა: მაგალითან ორი დიდი კვადრატული, შემდეგ ორი მოგრძო ბალიში და ბოლოს ერთი მუთაქა; ან ორი დიდი და წინ სამი მომცრო მართკუთხა ბალიში… მოკლედ, მაგალითები შეგიძლიათ ნახოთ და თქვენი გემოვნების შესაბამისად იხელმძღვანელოთ.

საბანს ბოლომდე არ აფარებენ საწოლს – ბალიშებთან აკურატულადაა გადმოკეცილი, გადასაფარებელი კი საწოლის 3/4-მდე შეიძლება ფარავდეს, ან ნახევარს, ან სულაც მოგრძო ზოლად ეფაროს.

საწოლის თავი / კედელი და დეკორი:

ლამაზი და მოზრდილი საწოლის თავი ყოველთვის კარგი არჩევანია. შეეცადეთ, სტილში არ შეცდეთ: კლასიკური ფორმის თავი მოუხდება როგორც კლასიკურ, ასევე ქანთრი, ლოფტ, სკანდინავიურ და ბევრ თანამედროვე დიზაინის საძინებელსაც, რკინის თავი – ქანთრი და ლოფტ სტილის საძინებლებს და ა.შ. თუ ოთახი ძალიან პატარა არაა, ჩარჩოებიან საწოლზეც იფიქრეთ – ბოლო წლებში ტრიუმფალურად დაბრუნდა მოდაში🙂

ძალიან ეფექტურია კედლის გაფორმება ისე, თითქოს საწოლის გაგრძელება იყოს. საწოლის თავთან არსებული კედელი ბევრ თამამ გადაწყვეტილებას იტანს – ხის პანელებს, მოლდინგებს, დაძველებული სარკის ფილებს, ბეტონს, ფაქტურულ კედელს, თამამი პრინტის მქონე შპალერს და ა.შ.

ავეჯის სხვა ელემენტები:

საწოლ ოთახში ბევრი სხვა ავეჯიც შეიძლება დაიდგას: კოსმეტიკის მაგიდა, ლაუნჯ დივანი, სავარძელი და მინი-ბიბლიოთეკა, პატარა მაგიდა სკამ-სავარძებით, კაბინეტის მაგიდა და ა. შ.

აი, რასაც არ გვირჩევენ პროფესიონალები, ეს ტელევიზორი და კომპიუტერია – ძილის-დამფრთხობი ტექნიკის ადგილი აქ არ არის. ტელეფონიც ჯობს სხვაგან დატოვოთ, საძინებელში კი მაღვიძარა დაიდგითო, ამბობენ. ამას ნამდვილად აქვს ახსნა – ყველა ამ ტექნიკას მოცისფრო გამოსხივება აქვს, რაც ძილის ჰორმონებს აფრთხობს.

* * *

პოსტს ისევ იმ იმედით ვამთავრებ, რომ იგი საინტერესო და ინფორმატიული იქნება თქვენთვის. გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი აზრი, დამისვათ კითხვები, შემომთავაზეთ მომავალი თემები.

სასიამოვნო რემონტს გისურვებთ (რამდენადაც ეს შესაძლებელია)!

2 Comments

Filed under რჩევები

2 responses to “საძინებელი ოთახის მოწყობის პრინციპები

  1. საზეპიროა ფაქტიურად. ამ წერილს ამოვბეჭდავ და მაცივარზე გავიკრავ:) რომ არ დამავიწყდეს. ასეთი რჩევები უფასოდ.. არ ვიცი! უღრმესი მადლობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s