ჩემი ბინა: დაგეგმარება და დიზაინი

არ მახსოვს, მიხსენებია თუ არა, რომ ამ ბლოგს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვქმნი(დი). სამზარეულოს, გარდერობის, ბავშვის ოთახისა თუ განათების გეგმარების შესახებ პოსტები ჩემი ინტერესის გამოძახილია – ის ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მისაღებად შევაგროვე, პოსტებად გადმოვეცი. ერთი წლის წინ ახალი ბინის შეძენამ გაფართოების საშუალება მოგვცა და მის დაგეგმვასაც შევუდექი.

პროექტი და მოცემულობა:

ბინა 4-ოთახიანია, ე.წ. ჩეხური პროექტი. ფართობი: 100 კვ.მ. აივნების ჩათვლით. მდგომარეობა: შავი კარკასი. ტიხრების ნაწილი მოხსნილი. სწორედ ისაა, რაც გვინდოდა – საყრდენ კედელს არ შევეხებით, სხვა მხრივ კი თავისუფლებას გვაძლევს გეგმარებაში.

ფანჯრების მდებარეობაა ჩრდილო-აღმოსავლეთით კაბინეტი და საძინებელი ოთახები, სამხრეთ-დასავლეთით მისაღები და სამზარეულო.

დაგეგმარება:

პროცესი იმ ზონების და ფუნქციების ჩამოთვლით დაიწყო, რაც ბინას უნდა ეტვირთა. ზოგიერთ კუთხეს ორმაგი ფუნქციის შესრულება შეუძლია – დასასხდომი ზონა (sitting zone) კომბინირებულ იქნა ტელევიზორის საყურებელ ზონასთან, სამრეცხაო ზონისათვის ადგილი სან-კვანძის გაფართოების ხარჯზე გამოინახა (არა სააბაზანო ოთახის, როგორც მიღებულია პრაქტიკაში), ხოლო საბავშვო ოთახში სთამაშო ზონა გაიზარდა იკეას ანტრესოლიანი საწოლის გამოყენებით.

მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მარტივი სამოძრაო ბილიკების დატოვება იმგვარად, რომ ერთი ზონიდან მეორეში მოსახვედრად რაც შეიძლება ნაკლები შემოვლის გაკეთება იყოს საჭირო.

დაგეგმარება და ვიზუალიზაცია პროგრამა planner5d.com-ში გავაკეთე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანე archicad-ის ფაილში, რადგან პირველი გაცილებით მოსახერხებელია სამუშაოდ მოყვარულისათვის. მხოლოდ ყველა საჭირო ზონისა და ავეჯის განლაგების შემდეგ გადავიტანე ტიხრები archicad-ში.

მისაღებ ოთახში ზონების გამოსაყოფად ორდონიანი ჭერიც მოვიშველიე – ადრეც მიხსენებია, რომ ჭერი ზონირების შესანიშნავი ინსტრუმენტია. ჭერის დონე (განათების წერტილებთან ერთად) აქცენტების დასასმელადაც მოვიშველიე და დაგეგმილი დონეები დავიტანე archicad-ის ფაილში.

ჩაფიქრებული განათების სცენარების განსახორციელებლად განათების ბევრი წერტილი დამჭირდა ცალკეულ ჩამრთველებზე. ამგვარად საშუალება მაქვს არა მარტო ცალ-ცალკე გავანათო სხვადასხვა ზონები, არამდე ერთსადაიმავე ზონას სხვადასხვა დატვირთვა და განწყობა მივანიჭო, გავანათებ-რა ცენტრალური განათებით თუ განწყობის თბილი სანათებით.

ფერების სქემა:

ბინაში საბაზო ფონური ფერი თბილი ბეჟია. საძინებელში, მისაღებში და სველ წერტილებში მას ასევე საბაზო ფრად ნაცრისფერი ემატება – ეს ორი ნეიტრალური ფერი იდეალურად ავსებს ერთმანეთს: ცივი ნაცრისფერი ხაზს უსვამს და ხასიათს აძლევს თბილ ფერებს, მაგრამ არ ‘აცივებს’ ასეთ კომბინაციაში.

აქცენტად ცისფერი ფერი შემოვიტანე (საძინებელში – ლურჯი). ზომიერების შენარჩუნებით აქცენტი არ აჭრელებს ინტერიერს, არამდე მასში დინამიზმი და სიცოცხლე შემოაქვს.

განწყობის დაფა:

კლასიკური concept-board-ები არ შემიქმნია, მაგრამ ყველა იდეასა და შთაგონების წყაროს თავი ერთად მოვუყარე, რათა არ დამვიწყებოდა. ეს სტილს შერჩევაშიც დამეხმარა, პრიორიტეტების ჩამოყალიბებაშიც და საინტერესო გადაწყვეტილებების მოფიქრებაშიც. ამ მიზნით შევინახე როგორც სხვადასხვა რეალიზებული პროექტების ფოტოები, ასევე იმ ავეჯისა და აქსესუარების სურათებიც, რომელთა შეძენასაც ვაპირებდი, შპალერისა და ტექსტილის პრინტები, ფერთა და ფაქტურათა კომბინაციები. საბოლოო ჯამში იდეათა მესამედიც ვერ გამოვიყენე, მაგრამ ჩვენთვის იდეალური ინტერიერის შექმნაში რომელი გამომადგებოდა, ამის გარეშე ვერ განვსაზღვრავდი.

Living Room

 

Kitchen

Kids Room

დიზაინი:

დიზაინის პროცესში planner5d-მ ფასდაუდებელი სამსახური გამიწია: ერთია, როდესაც მოგწონს სხვადასხვა სტილი, ავეჯი, ფაქტურა, პრინტი, მასალა; მეორეა, როგორ ეხამება ეს ყველაფერი ერთმანეთს და კომბინირებული რამდენადაა მომავალი მფლობელის თვალისათვის კომფორტული. ვიზუალიზაციისას პრიორიტეტების გადაფასება ხდება და ის ვექტორი ყალიბდება, რომლის მიხედვითაც აირჩევა მომავალში მოსაპირკეთებელი მასალები, ავეჯი, ტექსტილი… ვიზუალიზაციის პროცესში ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეს ბაზარზეც, თუ რაზე მიგიწვდება ხელი და ჯიბე, რათა რეალიზაციის პროცესში მნიშვნელოვნად არ გადაუხვიო დაგეგმილ კონცეფციას. მე დაგეგმვისას აპელირებას იკეას ავეჯზე ვახდენდი (რომლითაც მაქვს დაკომპლექტებული საბავშვო ოთახი მთლიანად და მისაღები – ნაწილობრივ), ფაქტურებში ყოველი შესაძლო ცვლილება კი პროგრამაში გადამქონდა, რათა შედეგი მენახა. ამგვარად დიზაინმა ბევრი ცვლილება განიცადა რემონტის დაწყებიდან დასრულებამდეც კი, თუმცა არა კონცეფციისა და ზოგადი განწყობის ცვლილების ხარჯზე.

დამუშავებული სურათები (რემონტის პროცესში გარკვეულწილად შეიცვალა):

დაუმუშავებელი სურათები (მიმდინარე მდგომარეობით):

პოსტ სკრიპტუმის მაგიერ:

თავდაპირველ ვარიანტში ბავშვის ოთახი ასე გამოიყურებოდა

მაგრამ პროცესში ერთი ბავშის ოთახის ორი ბავშვისათვის (ერთი სქესისა) გადაკეთებამ მოგვიწია 🙂 იდეალურ ვარიანტში იგი ასე გამოიყურება (იხ. ქვემოთ), თუმცა ამ ძვირადღირებული შპალერის შეძენა გაკვრა ორიოდე წლით გადავდეთ, პატარას წამოჩიტვამდე.

მომდევნო პოსტში რეალიზებული პროექტის შესახებ მოგითხრობთ.

2 Comments

Filed under ზოგადი

2 responses to “ჩემი ბინა: დაგეგმარება და დიზაინი

  1. ეს პოსტი იქნება ჩემი სახელმძღვანელო, როცა რემონტს დავიწყებ ახალ სახლში 🙂 აი ასე, ამოვბეჭდავ და სათითაოდ მივყვები ყველა ელემენტს..

    • დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, მეგი ^_^
      თუ ჩემი პოსტები რამეში გამოგადგება, ბედნიერი ვიქნები 🙂

Leave a reply to megikavtuashvili Cancel reply