ბავშვთა ოთახი

საბავშვო ოთახის მოწყობა ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რათა არც ბავშვის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი, თქვენთვის ძვირფასი კვადრატული მეტრებიც ფუჭად არ დაიკარგოს (მ.შ. სხვა ოთახებშიც🙂 ) და ბავშვისთვისაც სასიამოვნო იყოს საკუთარ ოთახში დროის გატარება. ამასთან იგი უნდა დაიგეგმოს ბავშის სწრაფი ზრდის ფაქტის გათვალისწინებით ისეთნაირად, რათა მისი შეცვლა ადვილი იყოს დროთა განმავლობაში. მივყვეთ მნიშვნელოვან საკითხებს პუნქტობრივად:

ჯანმრთელობისათვის

ბავშვთა ოთახისათვის არამც და არამც არ არის დასაშვები მეორადი ინსოლაციის გამოყენება – ამ ოთახს უნდა ჰქონდეს გარეთ გამავალი ფანჯრები. ამასთანავე სასურველია, თუ ეს ფანჯრები ჩრდილოეთით არ იქნება მიქცეული. ჯერ ერთი, საწერი მაგიდა მაქსიმალურად დიდხანს უნდა ნათდებოდეს ბუნებრივი განათებით, რაც აუცილებელია ბავშვის თვალებისათვის; მეორეც, მზის სხივები კლავს მავნე ბაქტერიებს, რაც ასევე ერთობ მნიშნელოვანია საბავშვო ოთახში ჯანსაღი კლიმატის შესაქმნელად.

თუ ბავშვისათვის აუცილებელია კომპიუტერით სარგებლობა, დაუდგით მას ე.წ. დესქთოფ კომპიუტერი და არა ნოუთბუქი. უკიდურეს შემთხვევაში, ნოუთბუქს შეუერთეთ ცალკე კლავიატურა, რათა მასზე კრიფოს ბავშვმა და შეძლოს მონიტორისგან დისტანციით ჯდომა.

სამუშაო მაგიდა უნდა იყოს განთავსებული ისეთნაირად, რომ მზის სხივები და ხელოვნური განათება მას ეცემოდეს მარცხნიდან (მემარჯვენეთათვის)  ან წინიდან. მხედველობისთვის არ არის რეკომენდირებული მაგიდის სხვაგვარად დადგმა.

კომფორტული, სრულ სიმაღლეზე საზურგიანი სკამი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის. ამასთან სამუშაო მაგიდა უნდა წვდებოდეს ბავშვს მკერდამდე. სკამი უნდა იყოს ისეთი სიმაღლის, რომ ბავშვის ფეხები თავისუფლად იდგეს იატაკზე მართი კუთხით და მუხლები არ ეხებოდეს მაგიდის ზედაპირს ქვემოდან. ორთოპედების რეკომენდაციით საწერი მაგიდის სიგანე უნდა იყოს სულ ცოტა 1მ, სიღრმე – 60 სმ, ხოლო სივრცე მაგიდის ქვემოთ (სადაც ბავშვის ფეხები უნდა მოთავსდეს) 50х50 სმ-ზე. ერთობ ერგონომიულია არცისე ღრმა თაროები მაგიდის თავზე – ასე ყველა ძირითადი წიგნი და საკანცელარიო ნივთი “ერთი ხელის გაწვდენაზე” განთავსდება.

   

  

ზონირება

სასკოლო ასაკის ნებისმიერ ბავშვს ესაჭიროება სულ მცირე ოთხი ზონა: საძინებელი (საწოლი), სამეცადინო (მაგიდა სკამით), სათავსო (გარდერობი, კომოდი, კარადა) და გასართობი (ადგილი თამაშისათვის).

სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის სამეცადინო ზონა შეიძლება არ იყოს გამოყოფილი, თუმცა ბავშვის ზრდის კვალდაკვალ ეს საჭიროებაც მალე დადგება დღის წესრიგში. ესეც არ იყოს, სკოლამდელი ბავშვები ხატავენ, ძერწავენ, აფერადებენ, წიგნებს ათვალიერებენ – ასე რომ მაგიდა და სკამი არც მათთვისაა ზედმეტი ატრიბუტი.

ეს არის მინიმუმი, რათა ბავშის მხრიდან სხვა საცხოვრებელი ზონების ‘ოკუპაციას’ არ ჰქონდეს ადგილი🙂 . ბავშის ასაკიდან, სქესიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე, საჭირო ზონების რიცხვიც იზრდება. ფინანსებისა და საკმარისი ფართის არსებობის შემთხვევაში, სასურველია, ბავშვებს სპორტული კუთხეც ჰქონდეთ: შედური კედლით, ასაზიდი რგოლებითა, ჰანტელებით, კალათბურთის ფარით, ‘მსხლით’…

 

ასევე სასურველია სავარძლის ან მომცრო ზომის დივანის განთავსება, რათა პატარამ მასზე კომფორტულად მოკალათება და დასვენება შეძლოს. კიდევ ერთი პრაქტიკული იდეაა ბავშის ოთახში საკუთარი ბიბლიოთეკის განთავსება, – ასეთნაირად ბავშვს წიგნებით დაინტერესებისაკენ უბიძგებთ მისთვის თავისუფალ დროს, მისსავე ტერიტორიაზე.

ფართსაც დაზოგავთ და ერთობ ელეგანტურ გადაწყვეტილებას მიღებთ ტახტის მაგვარი მოსასვენებელი ადგილის მოწყობით ფანჯარასთან, იქვე ჩაშენებული წიგნების კარადებით. მაგრამ აუცილებლად მიიღეთ უსაფრთხოების ზომები – ფანჯარა უნდა იკეტებოდეს გასაღებზე, ჰქონდეს მყარი დამცავი ბადე, ან სხვაგვარად იყოს შეზღუდული მისი ფართოდ გაღება.

სათამაშო-გასართობის ზონის მოწყობის ყველაზე პრაქტიკული მეთოდი ავეჯის კედლებთან განლაგებაა, ოთახის ცენტრის გამოთავისუფლების მიზნით. თუმცა, რასაკვირველია, შესაძლებელია სათამაშო კუთხის მოწყობა კედელთან. გაითვალისწინეთ სათავსო სათამაშოების შესანახად, თვითონ სათამაშო კუთხის ზონირებისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალიჩა, რომელიც ამავდროულად იატაკზე მოთამაშე ბავშვის დამატებით სითბოს და კომფორტს უზრუნველყოფს.

 

ბავშვის ზრდასთან ერთად საჭიროებებიც იცვლება: თინეიჯერობაში შესულ გოგონას სარკე და პარფიუმერიის მაგიდა შეიძლება დასჭირდეს, ან სტუმრების მისაღები კუთხე; ბიჭმა კი შესაძლოა სინთეზატორის დადგმა ან ვიდეო-თამაშების აპარატურა მოითხოვოს.

ფართის ეკონომია

ამდენი ზონის აუცილებლობის გააზრების შემდეგ აუცილებლად დადგება ფართის ოპტიმალური გამოყენების საკითხი, მით უმეტეს, თუ ოთახში ერთზე მეტი ბავშვი ცხოვრობს. ფართის დამზოგველი ავეჯი სწორედ მისწრებაა ასეთ დროს.

როგორც წინა პოსტშიც წერია, გასაშლელი დივანის მატრასი არათუ მზარდი ორგანიზმისათვის საჭირო მოთხოვნებს არ უზრუნველყოფს, არამედ სტრესულია ზრდასრული ადამიანებისთვისაც. ფართის ამგვარი უკმარისობის შემთხვევაში გამოსავალია კედელში დამალული გადმოსაშლელი საწოლი (murphy bed ) ან ერთგვარი ტახტა, რომელიც მარტო საწოლი არ არის და დალაგებული სახით მოსასვენებელი ადგილის დატვირთვასაც იძენს. ორივე შემთხვევაში ბავშვს სძინავს სრულფასოვან მატრასზე. გადმოსაშლელ საწოლზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ მისი მექანიზმი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

    

ფართის დაზოგვის ძირითადი მეთოდი ორი იარუსის მოწყობაა. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ორსართულიანი საწოლები გვხვდება, რომლის გამოყენებაზეც უარის თქმა მოგიწევთ, თუკი ჭერის სიმაღლე 2.6 მ ან ნაკლებია (ასეთ შემთხვევაში მეორე სართულზე დახუთულობა იქნება). ორსართულიანი საწოლების მინუსი ზედა სართულთან გართლებული წვდომა და, შესაბამისად, ძნელი დალაგებაა. თუკი თქვენი არჩევანი ამ ვარიანტზე შეჩერდება, აუცილებლად გაითვალისწინეთ მაღალი მოაჯირი მეორე სართულისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ოთახში ორი (ან მეტი) ბავშვი ცხოვრობს და ფართი მცირეა, შესაძლებელია ორივე საწოლი ზემო იარუსზე ავიტანოთ, მის ქვემოთ ადგილი კი დავტოვოთ გასართობად (დაიდგას ტახტი, გაკეთდეს ჩარდახი) ან სამუშაოდ (დაიდგას საწერი მაგიდა, სკამი, ტუმბო).

   

გარდა სტანდარტული ორსართულიანი საწოლებისა, პრაქტიკაში ხშირი გამოყენება ჰპოვა გამოსაგორებელმა საწოლებმა.

    

გამოსაგორებელ ქვედაიარუსიანი საწოლის მინუსი ქვედა საწოლის ნიშის წმენდის შედარებითი სირთულეა. თუმცა ასეთი საწოლები პრაქტიკაში იმდენად ადვილი მოსახმარია, და ამასთან ეკონომიური ზოგ სხვა მეთოდთან შედარებით, რომ ფაქტობრივად ალტერნატივა არ გააჩნია.

გაცილებით ძვირადღრებული ვარიანტია პოდიუმის ან ანტრესოლის დამონტაჟება ოთახში. სამაგიეროდ პოდიუმის ქვეშ შეიძლება მოთავსდეს გამოსაგორებელი საწოლი ან უჯრები სათავსოდ, ანტრესოლზე კი სრულფასოვანი საძინებელი ზონა.

  

ფართის ეკონომიის კიდევ ერთი სახეა კარადის (სათავსოების) ‘ატანა’ კედელზე, საწოლის ან საწერი მაგიდის ზემოთ (ასეთი კონსტრუქცია უნდა იყოს მაქსიმალურად მყარი და საიმედო). ასევე ყველაზე გავრცელებული ვარიანტი: საწოლის ქვედა ნაწილში ტანსაცმლის სათავსოს დამონტაჟება.

   

თემატიკა

ოთახის დიზაინის შექმნაში ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ მისთვის თემატიკის შერჩევა. ჯერ ერთი, თემატიკა იდეებს გიკარნახებთ, დიზაინის რა ნივთები და როგორი ფერისა თუ ფორმის ავეჯი განათავსოთ ოთახში; მეორეც, ოთახი იქნება თემატურად შეკრული, ერთიანი; და მესამე, ბავშისთვის ასეთი ოთახი უფრო სახალისო და საინტერესოა, ამასთან ავითარებს ფანტაზიას და, შესაბამისად, გონებასაც.

თუ ბავშვი საკმარისად დიდია, ყურადღებით მოუსმინეთ და ჩართეთ თემატიკის არჩევაში. თუკი პატარაა, გაითვალისწინეთ მისი ტემპერამენტი.

თემა შეიძება იყოს ჯუნგლები (მწვანე ტყეები, ცხოველები, ბაგირები), მეკობრეები (ზღვა, გემი, სკივრი განძეულით, ბინოკლი, განძის რუკა), მოგზაურობა (თვითმფრინავი, საჰაერო ბურთი, გზებით დასერილი კედლები), გეოგრაფია (მსოფლიო რუკა, კომპასი), ინდიელები (იგლუ, ბუმბულებიანი მორთულობები), კუნძლი (ზღვა და ხმელეთ, პალმები და ბანანები), მუსიკა (ინსტრუმენტები, ნოტები, ცნობილი შემსრულებლები ჟანრობრივად), ზოოპარკი, სამი მუშკეტერი, პრინცესების სასახლე, პატარა უფლისწული, მეგაპოლისი, ხომალდი, ველური დასავლეთი (სტეპები დიდი კაქტუსებით, ცხენი, ლასო, სალონი), ფეხბურთი, კოსმოსი (ვარსკვლავებით მოჭედილი მუქი ლურჯი ცა, ილუმინატორი), ლონდონი (ბიგ-ბენი, წითელი ტელეფონის ჯიხურები, ორსართულიანი ავტობუსი, თაუერ ბრიჯი), ცირკი, გამომძიებლები, საფარი, მულტფილმის გმირები: მანქანები, ფერიები,  “უოლ-ი”, მიკი მაუსი, სპონჯ ბობი, პიტერ პენი… მთავარია, ოთახის თემატიკა ბავშვის მისწრაფებებს შეუსაბამოთ და ჩართოთ ფანტაზია.

                

ფერთა გამა

ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრების ოთახისათვის ფერების შერჩევისას აუცილებლად გადახედეთ ფერების ბუნებას და ან საერთოდ თქვით უარი შემდეგ ფერებზე, ან შეზღუდეთ მათი რაოდენობა სხვა ფერებთან კომბინაციის ხარჯზე. ეს ფერებია წითელი (რომელიც აღმგზნებად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე), ნაცრისფერი–შავი (მოწყენილობისა და დეპრესიისაკენ უბიძგებს) და ცისფერი (ამშვიდებს, მაგრამ დიდი დოზებით ისიც დეპრესიის მაპროვოცირებელია). მოერიდეთ დომინანტ ფრად ძალიან მკვეთრი ფერების გამოყენებას.

საბავშვო ოთახისათვის განსაკუთრებით რეკომენდირებული ფერებია მწვანე (ზრდის, ბუნების ფერი, ამშვიდებს მზერას), ყვითელი (მზის, ენერგიის ფერია, თუმცა არ არის აღმგზნები), კრემისფერი (სიმშვიდისა და ბუნების ფერი). კედლების ფრად ნეიტრალური ღია ფერის გამოყენება შემდგომში დეკორაციასაც გაგიადვილებთ.

ზოგადად, ოქროს შუალედის დაცვა აქაც საჭიროა – მონოქრომული (თუნდაც კრემისფერი-ყავისფერი) გამა ბავშვის კრეატიულ განვითარებას ნაკლებად შეუწყობს ხელს, მეტისმეტად მკვეთრი ფერები კი მეცადინეობასა და დაძინებაში შეუშლის ხელს.  მიმართეთ ფერთა წყვილებს, სამეულებს, მაგრამ შეეცადეთ, რომ ფერი არ იყოს მეტისმეტად მჭახე და მყვირალა.

იდეისათვის გთავაზობთ ფერთა წყვილებს, რომლებიც გემოვნებით შეეხამებიან ერთმანეთს და, ამასთან, მშვენივრად გამოიყურებიან საბავშვო ოთახში: მწვანე-ყვითელი, მწვანე-ყვითელი-ნარინჯისფერი, მწვანე-ნარინჯისფერი, სალათისფერი-ვარდისფერი, ფიზრუზისფერი-ვარდისფერი, ფირუზისფერი-იისფერი, თეთრი-კრემისფერი, მალინისფერი-ყვითელი, ყვითელი-კრემისფერი, ვარდისფერი-ყავისფერი, ფირუზისფერი-ყავისფერი, ყვითელი-იისფერი. ჩამონათვალში არ მიწერია ლურჯისა და ყვითლის შეხამება, – ეს დუეტი მოდიდანაა გადასული, თუმცა საბავშვო ოთახში ამ ფერების გამოყენება სრულიად დასაშვებია ოთახის პატარა პატრონების გემოვნების შესაბამისად.

რა თქმა უნდა, ჩემოთვლილი ფერები უნდა გაზავდეს ნეიტრალური ფერებით: კრემისფერით, თეთრით, ყავისფრით… შეიძლება ნაცრისფრითაც.

               

კედლები

შემდეგი საკითხი, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ საბავშვო ოთახში, კედლის საფარის დეკორაციაა.

ყველაზე “პრიმიტიული” მეთოდი, რომელიც ბევრ თავსატეხს აგარიდებთ, შპალერია. შპალერი შეარჩიეთ რეცხვადი და “მსუნთქავი”. ბაზარი საბავშვო შპალერების ფართო არჩევანს გვთავაზობს: აუცილებლად დაათვალიერეთ კატალოგი, რათა ნახოთ, როგორ გამოიყურება თქვენ მიერ შერჩეული ვარიანტი მასშტაბში. მოერიდეთ წვრილ ნახატებს – კედელზე “იკარგება” და არ აღიქმება, როგორც მთლიანი კომპოზიცია (ანალოგიურად ტექსტილის შემთხვევაში). ასევე მოერიდეთ ერთმანეთში გარდამავალ სხვადასხვა ფერებს. სამაგიეროდ ეფექტურად გამოიყურება მსხვილი ნახატები, თავსატეხები, ზოლიანი და კუბოკრული შპალერები.

          

ასევე ბავშვთა ოთახში არ კარგავს ეფექტურობას ფოტოშპალერი. განსაკუთრებით კარგად გამოიყენება თნეიჯერების ოთახში, სადაც ამ მეთოდით ნებისმიერი განწყობის, ხასიათის და დინამიზმის შეტანა შეიძლება.

იდეა 1: შეიძინეთ და გააკარით შპალერი მოხაზული კონტურებით, რათა პატარამ თვითონ გააფერადოს კედლები საკუთარ ოთახში. როცა ცოტა მოიზრდება, გამოცვლით შპალერს.

   
იდეა 2: შპალერი არ გააკრათ მთელი კედლის სიმაღლეზე, არამედ შეავსეთ მხოლოდ 3/4 – 4/5-მდე. შპალერს ზემოთ კედელი შეღებეთ ჭერის ფრად (ვთქვათ, თეთრად) – ამგვარად ვიზუალურად დაადაბლებთ ჭერს, რაც მის პატარა მცხოვრებლებს სიმყუდროვის შეგრძნებას მოუტანს.

 

თუ გადაწყვეტთ, რომ კედლებზე შპალერის გაკვრას მათი შეღებვა გირჩევნიათ, აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური უსაფრთხო საღებავები საბავშვო ოთახისათვის – იგი, ისევე როგორც საბავშვო შპალერი, უნდა ირეცხებოდეს (იწმინდებოდეს სველი ნაჭრით) და სუნთქავდეს. ამასთან, ფერის შერჩევისას ნუ ენდობით ე.წ. ფერის პიგმენტებს – პიგმენტის გამოყენებით პრაქტიკულად შეუძლებელია საჭირო ნაზავის, სიმკვეთრის და ინტენსიურობის ფერის მიღება. ისარგებლეთ კატალოგებში უკვე არსებული ფერებით, ან კომპიუტერულად შეარჩიეთ და შეუკვეთეთ საჭირო ფერი სპეციალიზირებულ საამქროებს.

იდეა: შეღებეთ კედელი (ან მისი ნაწილი) გრიფელის საღებავით. ნებისმიერი ზედაპირი, ასეთი საღებავის ფენების შემდეგ, არც მეტი და არც ნაკლები, დაფად იქცევა. რა უნდა იყოს უფრო კრეატიული და სახალისო, ვიდრე საწერი დაფა პირდაპირ კედელზე?!🙂 საღებავის გამოწერა შეგიძლიათ ონლაინ მაღზიებიდან: http://www.amazon.com/Rust-Oleum-206540-Chalkboard-Brush-On-30-Ounce/dp/B0006BAEI6/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1350252838&sr=8-1&keywords=chalkboard+paint

   

იმისათვის, რომ ერთფეროვანი კედელი მოსაწყენად არ იქცეს, მისი გახალისება რამდენიმე მეთოდით შეგიძლიათ:

1. გააკრათ სპეციალური კედლის სტიკერები. ონლაინ ბაზარი სტიკერების უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობს – ამოარჩიეთ ოთახის თემატიკიდან გამომდინარე, მაგრამ ნუ გადატვირთავთ პატარა და განმეორებადი დეტალებით.

ბმული ონლაინს მაღაზიაზე:
http://www.amazon.com/s/ref=sr_nr_scat_404458011_ln?rh=n%3A404458011%2Ck%3Awall+decals&keywords=wall+decals&ie=UTF8&qid=1352670282&scn=404458011&h=df68068aefb6c2f4ac31a78c3e67438031892112
http://www.amazon.co.uk/s/ref=sr_nr_scat_59624031_ln?rh=n%3A59624031%2Ck%3Awall+stickers&keywords=wall+stickers&ie=UTF8&qid=1352670345&scn=59624031&h=5dc2c1166200280e1fdbf54d88e5390ae400328d

 

მზა სტიკერების ნაცვლად შესაძლებელია გაკეთდეს აპლიკაცია შპალერის მონარჩენებით. შპალერის განსხვავებული და მარტივი პრინტები შედეგზე მხოლოდ დადებითად აისახება.

  

და ბოლოს, მოახატინეთ ან თავად მოხატეთ კედლები. ამ გზითყველაზე უჩვეულო, ზღაპრული გარემო შეგიძლიათ შეუქმნათ ბავშვებს. სტიკერებისგან განსხვავებით, მხატვრის შესაძლებლობები, ფაქტობრივად, შეუზღუდავია, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენ მიერ წინასწარ მოფიქრებული თემატიკა სრულყოფილად გადაიტანოთ ოთახში.

პირწიგნაკის ბმული კედლის სამხატვრო სამუშაოების შემსრულებელ ჯგუფთან:
https://www.facebook.com/neverlandesign
https://www.facebook.com/mokhatva

    

პ.ს. შეგიძლიათ მოახატინოთ ავეჯიც (მაგ. კარადები, როგორც ფოტოებზეა):

 

განათება

მთავარი მოთხოვნა განათებისადმი არის საკამრისი სინათლე ყველა საჭირო ზონაში. პირველ რიგში, აუცილებელია ძირითადი განათება, რომელიც მთელ ოთახს გაანათებს. ასევე აუცილებლად კარგად უნდა ნათდებოდეს სამუშაო მაგიდა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგიდის სანათები ან ბრები.

  

დაუმონტაჟეთ ბავშვს ბრა საწოლის თავთან – ჯერ ერთი, ბავშვური შიშების გათვალისწინებით ასე გაცილებით ადვილად იძინებენ და უადვილდებათ მარტო დარჩენა; მეორეც, სანათი საწოლში დამატებითი სტიმულატორია კითხვისათვის (რამდენს გიყვარდათ საწოლში წიგნების კითხვა?🙂 ).

  

ასევე სასურველია, რომ დამატებით ნათდებოდეს სათამაშო ზონაც – მით უმეტეს, ზამთარში, როცა ადრე ღამდება. ამ მოთხოვნილებების გადაჭრის მიზნით შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ერთიანი ჭაღი და ცალკეული განათების წერტილები, ან განათების სცენარი დაგეგმოთ მხოლოდ წერტილოვანი და მეორადი განათებებით – მთავარია, ეს სცენარი პასუხობდეს დასმულ მოთხოვნებს და ოთახში იყოს საკმარისი სინათლე.

რაც შეეხება სანათების დიზაინს – იგი არ უნდა იყოს ამოვარდნილი საერთო სტილისტიკური ხაზიდან. საბავშვო ოთახში შეიძლება შესანიშნავად გამოიყურებოდეს როგორც აბაჟურიანი ან მძივებიანი კლასიკური ჭაღები, ასევე სპეციალური საბავშვო სანათები.

   

იდეისათვის გთავაზობთ ჩემ მიერ “შექმნილ” (ან უფრო – დასრულებულ) ჭაღს, რომელიც გარდაქმნამდე სადა მწვანე სფერო იყო:

ტექსტილი

ბავშვების ოთახში ნუ დაკიდებთ მეტისმეტად ძვირფასი ქსოვილის ფარდებს – თამაშის პროცესში ფარდების დაზიანების რისკი დიდია. იდეალური იქნება სადა, ბუნებრივი მასალის, მაგრამ გამძლე მატერია, რადგან მისი ხშირი რეცხვა იქნება აუცილებელი. მოერიდეთ თოკების ფარდას (ყოველ შემთხვევაში, პატარა ბავშვების ოთახში) – უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ჟალუზები და რომაული ფარდები შესანიშნავი გამოსავალი იქნება. რაც შეეხება ნახატს – სრულიად სადა ქსოვილი საერთო ფერთა გამაში, ან (ისევე როგორც შპალერის შემთხვევაში) თემატიკის მიხედვით დიდი ზომის ფიგურები, ზოლები და ცხაურები კარგად შეერწყმება ინტერიერს.

    

ხალიჩა ფაქტიურად აუცილებელია, თუკი ოთახში ბავშვმა უნდა ითამაშოს (იატაკზე, რასაკვირველია). შეიძინეთ ხალიჩა, რომლის წმენდა და მოვლა ყოველდღიურად ადვილი იქნება, რადგან საბავშვო ოთახში მისი სისუფთავის მუდმივი დაცვა აუცილებელი იქნება. ფერთა გამას და ნახატს რაც შეეხება, აქ ფანტაზიას მეტი გასაქანი შეგვძლია მივცეთ – ხალიჩაზე შეიძლება დატანილი იყოს უფრო მკვეთრი ფერები და საერთო პალიტრისაგან განსხვავებული აქცენტები.

    

ოთახში ტექსტილი სხვა ელემენტების სახითაც გვხვდება. ისეთი სტანდარტული ელემენტებით, როგორიცაა, საწოლისა და მაგიდის გადასაფარებლები, ბალიშები; შედარებით იშვიათით – შალითები სკამებისა და საწოლის თავისათვის; და კიდევ უფრო ეგზოტიკურით – პლუშის სტაციონარული სათამაშოები კედლებზე (რომლებიც შეიძლება მაგრდებოდეს ველკრო–შესაკრავზე, ე.წ. ‘ფხრიწზე’)

 

ყველა ეს დეტალი დამატებითი იარაღია თქვენს ხელში, დასრულებული სახე მისცეთ ოთახში შეტანილ თემას, ან გადაათამაშოთ და შეავსოთ ფერები. მთავარია, გაიხსენეთ, რაზე ოცნებობდით ბავშვობაში თქვენ – მოიშველეთ ფანტაზია და თქვენს პატარას ყოფით ზღაპარს შეუქმნით!

31 Comments

Filed under რჩევები

31 responses to “ბავშვთა ოთახი

  1. რაღაცები ჩემი ოთახისთვისაც გამომადგება🙂

  2. ძალიან საინტერესო იყო.. ლამაზი ოთახებია ♥♥

    • მიხარია, რომ მოგეწონა🙂
      სიამოვნებით მოვისმენ იდეებს, რა თემაზე გსურთ კიდევ იხილოთ პოსტები.

      • მმ, საინტერესო იქნებოდა სახლის ყვავილებით გაფორმებაზე პოსტი🙂

      • ოოო… ცოტა უცხო თემაა…
        მოვიფიქრებ.
        მადლობა იდეისთვის🙂

      • არაფერს

      • მესტუმრე ხოლმე🙂
        რაც შეეხება ყვავილებს – კარგ პოსტს ჯერ ვერ შეგპირდები, ჰაიჰარალოდ დაწერილი არ მინდა. ერთ ფოტო-პოსტს აუცილებლად გავაკეთებ ახლო მომავალში.

      • აუცილებლად გესტუმრები🙂

  3. ცოტა უფრო დიდი ფოტოები🙂

    • არ არის პატარა ფოტოები (დააქლიქე და გაგიგდება). დიდი ფორმატით არ ჩავსვი – 100-ზე მეტი ფოტოა ამ პოსტში და ძალიან გაიზრდებოდა პოსტის მოცულობა.
      პ.ს. შენი რჩევით რამოდენიმე ფოტო ცოტათი გავადიდე🙂

    • შენც მომწერე შენთვის საინტერესო თემატიკა – მომავალში რომ დავწერო პოსტი

      • აი, წეღან რომ ვკითხულობდი პოსტ, ცოტა მედიდა, ცოტა გადატვირთული მეჩვენა.
        ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება ცალკეულ დეტალებზე პოსტი, მაგალითად როგორი წიგნების კარადა შეიძლება გადავაკეთოთ, როგორ მოვაწყოთ სამეცადინო მაგიდა, რითი არ უნდა გადავტვირთოთ მისაღები ოთახი, სად ჯობია დავკიდოთ სარკე და ა.შ.🙂

      • გასაგებია. მადლობა შენი აზრისათვის. შევეცდები ასეთი დიდი პოსტებით აღარ დაგტვირთოთ🙂
        უბრალოდ ეს თემა იმდენად ერთიანი იყო, ვერ გავთიშავდი (ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვამ)

      • არა, არა არანაირად არ ვამბობ რო ცუდია, მე მომწონს კიდეც ამომწურავი პოსტები :*

      • მადლობა ბლოგით დაინტერესებისათვის🙂

      • მადლობა ენთუზიაზმისთვის, მონდომებისთვის და შესაშური პროფესიონალიზმისთვის სფეროში, რომელზეც თითქმის არავინ არ წერს ჩვენთან :*

      • მადლობა, შენ, ასეთი შეფასებისთვის. ეს ჩემს ენთუზიაზმს ერთი-ორად ზრდის.

      • წიგნების კარადა შესანიშნავი იდეაა – დავდებ ფოტო-პოსტს: ძირითადად ფოტოებით და ცოტა კომენტარებით🙂

      • საინტერესო ვარიანტები დადე და გელოდები ინტერესით🙂

      • აუცილებლად🙂

  4. რა მაგრებია.🙂 ბავშვობაში უარს არ ვიტყოდი რომელიმე მათგანზე. ახლა რაც მაქვს ისიც მაკმაყოფილებს.🙂

    • არც მე ვიტყოდი ბავშვობაში რამე თემატურ, ჩემზე მორგებულ ოთახზე… თუმცა რაც ვიზრდები, მადა კიდევ უფრო მეზრდება🙂

  5. pikuliko

    ძალიან დიდი მადლობა ამ თემისთვის და საერთოდ ამ საიტისთვის, ნამდვიად გვჭირდება საქართველოში ბევრი თქვენნაირი ადამიანი. დღეიდან მუდმივად ვადევნებ თვალ-ყურს თქვენს პოსტებს!

    • უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისათვის🙂
      ცოტა ზარმაცი ბლოგერი ვარ😛 შევეცდები – გავაქტიურდე🙂

  6. shalva

    ბოდიშს გიხდით, ინტერნეტის და ამ ბლოგების ბევრი არაფერი ვიცი, მეილზე მოგწერეთ და თუ შეიძლება წაიკითხეთ.

  7. საინტერესოაა…🙂 აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s