როგორ დავგეგმოთ რემონტი გონივრულად

ფუნქციონალური და რაციონალური რემონტის დაგეგმვა რეალიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვან სტადიას მოიცავს, რომელთა გამოტოვება უთუოდ დააზარალებს თქვენი შემდგომი ცხოვრების კომფორტის ხარისხს. მიმდინარე პოსტში გარკვეულწილად დავაჯამებ და გეგმის სახეს მივცემ რემონტის სტადიებს, ამასთან მოკლე განმარტებას გავუკეთებ თითოეულ მათგანს. ვიმედოვნებ, ჩემი პოსტი მცირე დახმარებას მაინც გაგიწევთ ამ შრომატევადი პროცესის წარმატებით წარმართვაში. ველოდები თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებსაც🙂

პ. ს. იგულისხმება, რომ ბინის აზომვითი ნახაზი რემონტის დაწყებამდე უკვე გაგაჩნიათ.

1. საჭირო ფუნქციონალური ზონების გამოყოფა და პრიორიტეტების დასახვა.

ჩამოწერეთ, რა და რა ფუნქციონალური ზონები გჭირდებათ საცხოვრებელ ბინაში. რომელი მათგანისათვის მიგაჩნიათ აუცილებლად ცალკე ოთახის გამოყოფა, რომლისათვის უშვებთ სხვა ზონებთან ინტეგრაციას. მიუწერეთ პრიორიტეტები, რომელ ფუნქციონალურ ზონას დათმობთ ფართის უკმარისობის შემთხვევაში და რომელია პირველადი საჭიროების. ასეთი სიის გაკეთება თავიდან აგარიდებთ როგორც ზონის დუბლირებას და ძვირფასი მეტრების დაკარგვას, ასევე საჭირო ზონის გარეშე დარჩენას. აქვე შემოგთავაზებთ სხვადასხვა პოპულარული ზონების ვარიაციებს, სია თქვენც შეგიძლიათ განავრცოთ საკუთარი საჭიროებების მიხედვით:

საძინებელი უფროსებისათვის, ოჯახის პატარა წევრებისათვის და სტუმრებისათვის, ბავშვთა თამაშის და სპორტული განვითარების ზონა, სამეცადინო ბავშვებისათვის, კაბინეტი, უფროსების გარდერობი, ბავშვთა გარდერობი, სამრეცხაო, სან-კვანძი უფროსებისათვის, ბავშვებისათვის და სტუმრებისათვის, სამზარეულო, სასადილო ზონა, საკომუნიკაციო ზონა (sitting area), ვიდეო კუთხე / სახლის კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, ბარი, საქვაბე და ა. შ. საკმარისი ფართის არსებობის და მასპინძელთა სპეციფიური გემოვნების გათვალისწინებით სია შეიძლება გაამრავალფეროვნოთ ბილიარდის ან პინგ-პონგის მაგიდით, DJ–აპარატურის კუთხით, როიალით თუ სინთეზატორით, ზამთრის ბაღით, ტრენაჟორების კუთხით, საუნით და სოლარიუმითაც კი. მთავარია, ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც თქვენი ფანტაზია, ბინის ფართობი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი გასწვდება.

2. ბინის დაგეგმარება.

დაგეგმეთ ბინა წინასწარ ჩამოწერილი (წინა პუნქტში გაშლილი) ზონების გათვალისწინებით. ბინის გეგმარების პრინციპების აღწერას ერთი პოსტი არ ეყოფა, ამიტომ აქ დაწვრილებით არ შევჩერდები. აქ ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე მათგანს:

(i) საცხოვრებელი ოთახები უნდა იყოს განათებული პირველადი განათებით, ანუ უნდა ჰქონდეს გარეთ გამავალი ფანჯარა; (ii) დასაშვებია მეორადი განათებით მოეწყოს სამზარეულო, სველი წერტილები, ჰოლი, კორიდორი. არამც და არამც საძინებელი და ე. წ. საცხოვრებელი ოთახები; (iii) თუკი საძინებელი ოთახი გაძლევთ საშუალებას, დადგით საწოლი თავით სამხრეთისაკენ. ამასთან უმჯობესია, თუკი საწოლის თავთით არ იქნება ოთახში შესასვლელი კარი; (iv) ოთახების განლაგებისას (ასევე ფერთა გამის არჩევისას) შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ფენ-შუის პრინციპებით. მერწმუნეთ, ბევრ სასარგებლო რჩევას ამოიკითხავთ; (v) თუკი ბინაში 2 ადამიანზე მეტი იცხოვრებს, რეკომენდირებულია მინიმუმ ორი სველი წერტილის დაგეგმვა; (vi) არ უგულებელყოთ ბავშვების გასართობი ზონა (რა თქმა უნდა, თუკი ბავშვები იცხოვრობენ ამ ბინაში), წინააღმდეგ შემთხვევაში შეეგუეთ, რომ ბავშები თამაშისათვის გამოიყენებენ თქვენს მიერ სხვა მიზნით გათვალისწინებულ ფართობს; (vii) სამზარეულოს ინტეგრაციამ საერთო ოთახთან რომ დისკომფორტი არ შეგიქმნათ ექსპლუატაციისას, უნდა დააყენოთ მძლავრი და ამავდროულად უხმაურო ვენტილაციის სისტემა; (viii) ასევე უხმაურო სარეცხ მანქანაზე უნდა იზრუნოთ, თუკი ოთახი (სააბაზანო, სამრეცხაო თუ გარდერობი), სადაც უნდა განათავსოთ სარეცხი მანქანა, ემიჯნება საძინებელ ზონას; (ix) ფართის სიმცირესთან კომპრომისზე წასვლა არ უნდა გულისხმობდეს დასაკეცი ლოგინების დადგმას (ყოველ შემთხვევაში, ოჯახის წევრებისათვის). დასაკეცი ლოგინის მატრასი არ უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, მაგალითად, სტუმრებისათვის; (x) მეტი ოთახებშუა კარი ნიშნავს მეტ დაკარგულ ფართს (ორივე ოთახისათვის, რომელსაც ის აკავშირებს), თუმცა ოთახებზე უკეთეს წვდომასაც. მოძებნეთ კომპრომისული ვარიანტი თქვენი საჭიროების მიხედვით, მაგალითად, თუკი სამზარეულოში გასასვლელი იქნება მხოლოდ მისაღები/სასადილო ოთახიდან და არა ჰოლიდანაც, ამით სამზარეულოშიც და ჰოლშიც გამოგითავისუფლდებათ კედლის ფრაგმენტი სათავსოს/კარადის დასადგმელად; (xi) დაიმახსოვრეთ, სათავსოები არასოდესაა საკმარისი. გამოყავით ამისთვის ბევრი ადგილი (მ. შ. სველ წერტილებშიც); (xii) თუკი თქვენ დიდი ოჯახი გაქვთ და სააბაზანო ოთახის ფართობის ამის საშალებას იძლევა, დადგით ორი პირსაბანი (მათ შორის დაშორება უნდა იყოს მინ. 30 სმ) – ეს თავიდან აგაცილებთ დილის რიგებს პირსაბანთან.

დაგეგმეთ ბინის რამოდენიმე ვარიანტი, მუშაობის პროცესში უკეთესი იდეები გენერირდება!

3. სტილის შერჩევა.

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ საინტერესო ეტაპია: ამ ეტაპზე ხდება აკუმულირება ბინის პატრონის გემოვნების და პრიორიტეტებისა; ამ ეტაპზე წყდება, თუ როგორი ხასიათი ექნება ინტერიერს; ამ ეტაპზე იქმნება (ან, უფრო სწორად, მატერიალური სახე ეძლევა) ბინის კონცეფციას.

საცხოვრებელი სახლი მისი პატრონის სულის, ხასიათის, ბუნების და ცხოვრების წესის გამოძახილია. აქ მან უნდა დაისვენოს, იყოს ყველაზე უფრო კომფორტულად, რათა შინ მისვლა მიუხაროდეს. ამიტომაც, კონცეფციის შექმნა ყველაზე მეტად კრეატიული, არარუტინული და შემოქმედებითი სამუშაო მთელი რემონტის განმავლობაში.

კონცეფციის შექმნისას უნდა შეიქმნას ის სტილისტიკური მონახაზი, რომელიც მოსწონს, კომფორტს უქმნის ბინის მფლობელებს. მოსწონს მას კლასიკა თუ ავანგარდი, არის კონსერვატორი თუ ნოვატორი, უპირატესობას ანიჭებს ბუნებასთან ურთიერთობას თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მიილტვის ეგზოტიკური აღმოსავლეთისაკენ, ცხელი აფრიკული საფარისკენ თუ იზიდავს ბებერი ევროპა, ღამის ცხოვრებით ცხოვრობს თუ მყუდრო ოჯახურ გარემოს შეჰნატრის, მეოცნებე ადამიანია თუ პრაგმატული. კონსერვატორ ადამიანს ინტერიერის კლასიკური მიმართულებები მოეწონება: კლასიკა, ნეო-კლასიკა, ამპირი, არ-დეკო, მოდერნი, ნოვატორმა კი, შესაძლოა, მინიმალისტურ, ან სულაც პოპ-არტ სტილს მიანიჭოს უპირატესობა; ბუნებასთან ურთიერთობის მოსურნე ადამიანს, ალბათ, ეკო-დიზაინი ან პროვანსალური სტილი მოეწონება, თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულს კი – ჰაი-ტექ სტილი; ღამის და თანამედროვე ცხოვრების რიტმს აყოლილ ადამიანს გლამურული, ბრწყინვალე დიზაინი გაუხარებს თვალს, ოჯახური სიმყუდროვის მოყვარულ ადამიანს – ქანთრი სტილი; მეოცნებე ადამიანს თუ სახლში ვინტაჟის ხილვა სურს, პრაგმატულს შეიძლება ცივი ლოფტი ესიამოვნოს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ძირითადი შაბლონია თქვენს შემოქმედებით ნატურას შესაძლოა სწორედ მინიმალიზმში სურდეს თვალის დასვენება, ბანკის კლერკს კი სახლის გალერეად გადაქცევა სურდეს. დღეს ძალიან მოდურია შერეული, ე. წ. ფიუჟინ ინტერიერები, სადაც სტილების გემოვნებიანი სინთეზი ხდება. ასეა თუ ისე, პირველ ეტაპზე სწორედ სტილ(ებ)ზე უნდა შევჯერდეთ – იმ სტილ(ებ)ზე, რომელიც თქვენს კომფორტულ ყოფას საფუძველს შეუქმნის. და აქვე ერთსაც დავამატებ – მომხმარებელს (თქვენ, მე, კლიენტს) შეიძლება შევუქმნათ (შევიქმნათ) ახალი მოთხოვნა, თუკი ახალ იდეას მივაწოდებთ, რადგან ზოგჯერ პროდუქტი ქმნის მოთხოვნილებას, და არა პირიქით. ამიტომ, ნუ დაყაბულდებით დიზაინის იმ სტილს, რომელშიც წარმოგიდგენიათ თქვენი ბინის გადაწყვეტა – გაეცანით სხვა სტილისტიკურ გადაწყვეტილებებს. და თუ თქვენ სხვას (კლიენტს) სთავაზობთ ინტერიერის განახლებას, მისი მისწრაფებებიდან გამომდინარე შესთავაზეთ  ის იდეები, რას მას არ დაებადებოდა შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო.

4. კონცეპტ-ბორდის (განწყობის დაფის) შექმნა.

სტილზე შევჯერდით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად. კონცეფცია მოიცავს ასევე ფერთა გამის, ფორმების და ფაქტურების შერჩევას, ავეჯის დიზაინზე შეთანხმებას, კედლის / იატაკის საფარის არჩევას და სხვა დეტალების პირველად ვიზუალიზაციას.

პირველადი სტილისტიკური მონახაზის შემდეგ ვიზუალურად აკუმულირდება სხვადასხვა ნივთები, ტექსტილი, ავეჯი, სანათები, მასალები და ფერები, რამაც ინტერიერის ხასიათი უნდა დაგვანახოს. ამ ვიზუალური თვალსაჩინოებით იქმნება კოლაჟი, რომელსაც კონცეპტ-ბორდს, ანუ განწყობის დაფას უწოდებენ და ის დაახლოებით ასე გამოიყურება:

კონცეპტ-ბორდის შესაქმნელად ტექნიკური ცოდნის გარდა სამამულო ბაზრის შეთავაზებების შესწავლაცაა საჭირო. ანუ, დაფაზე უნდა წარმოვადგინოთ ისეთი მასალები, რისი რეალიზაციაც არის ხელმისაწვდომი ქვეყანაში არსებული მასალების და შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში.

განწყობის დაფა აადვილებს როგორც ინტერიერის წინასწარ აღქმას, ასევე შეჯერდება მასალები, რაც გარკვეული წინაპირობაა ხარჯთაღრიცხვის შესაქმნელად. ტექნიკურად დაფა შეგიძლიათ შეადგინოთ ელექტრონული, ან კარდონზე მოუყაროთ თავი ამობეჭდილ, კატალოგებიდან ამოჭრილ მასალებს, ასევე ტექსტილის თვალსაჩინოებას და ხის შპონსაც კი.

ასეთი კოლაჟები, როგორც წესი, იქმნება მთელი საცხოვრებელი ფართისათვის (ზოგადი) (ასევე იქმნება ექსტერიერებისთვის, სხვადასხვა ნაგებობებისათვის, ლანდშაფტისათვის და ა. შ.). იგი თვალნათლივ დაგანახებთ ცალკეული დეტალების ურთიერთშესაბამისობას, ფერთა პალიტრას და აქცენტების გამოყენების სიხშირეს.

5. ინტერიერის დიზაინის მონახაზის შექმნა და დაგეგმვა.

ამ ეტაპზე მე-3 და მე-4 პუნქტში შეჯერებული საკითხების საბოლოო ჩამოყალიბებას და ვიზუალიზაციას აქვს ადგილი. რაც უფრო კარგად და ბოლომდე არის მოფიქრებული კონცეფცია, მით უფრო ნაკლებ თავსატეხად იქცევა ინტერიერის დიზანის შექმნა. ნუ მოერიდებით სტილებითა და ფერებით მსუბუქ ექსპერიმენტებს. Think Different. ეძებეთ დეტალები არასტანდარტულად და შეიტანეთ ინტერიერში ხასიათი, ხელწერა.

ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ინტერიერის შემქნაში – ვიზუალური აღქმა გიკარნახებთ, რამდენად გამართლებულია თქვენი ექსპერიმენტები, მოფიქრებული ფერთა, ფაქტურათა და სტილთა შეხამება, კიდევ რის დამატებას ან შეცვლას მოითხოვს ინტერიერი. წარმოიდგინეთ ამ ინტერიერში თავი

აქვე ორიოდე სიტყვას დავძენ სანათებზეც: მიდგომა – ყველა სანათი ერთი კოლექციიდან – მოძველებულია. აირჩიეთ ერთი სტილისტიკური ხაზი, რაც ბინის საერთო კონცეფციას უპასუხებს, და მიმართეთ ვარიაციებს. ცენტრალური სანათი მთელი ინტერიერის კომპოზიციის ცენტრადაც კი შეიძლება იქცეს – ამიტომ ფრთხილად და სტილთან შესაბამისობაში შეარჩიეთ იგი.

Rooms Hotel, Kazbegi

6. კომუნიკაციების დაგეგმვა.

დაგეგმეთ კომუნიკაცია ბინის გეგმარების მიხედვით და პირიქით – ბინის გეგმარება შეუსაბამეთ კომუნიკაციების საბაზისო მდგომარეობას. მაგალითად, წყალგაყვანილობის ძირითადი დგარების მდებარეობას შეუსაბამეთ სახლში სან-კვანძების და სამზარეულოს ადგილი. სველი წერტილებისათვის ადგილის შეცვლა დამატებითი ხარჯების გარდა ისეთი დისკომფორტის პირობა შეიძლება გახდეს, როგორიცაა პოდიუმის დამონტაჟება. საქმე იმაშია, რომ საკანალიზაიო მილები მონტაჟდება თითოეულ მეტრზე 10-15 მმ-იანი დახრილობით.

საწყის ეტაპზევე უნდა დაიგეგმოს: წყალგაყვანილობა (შეიძლება საჭირო გახდეს წყლის საქაჩი მოტორის დამატება, რადგან თბილიურმა წყალმომარაგებამ ვერ დააკმაყოფილოს თქვენი დუშ-კაბინის წყალგამტარობის სიმძლავრეები), გათბობის სისტემა (ამ ეტაპზევე უნდა შეთანხმდეს, როგორი სისტემით აპირებთ ბინის გათბობას, იქნება ეს ელ-ენერგიაზე მომუშავე თბილი იატაკი, წყალზე მომუშავე სისტემა საქვაბით, ზეთზე და ელ-ენერგიაზე მომუშავე კედლის რადიატორები თუ სხვა), ვენტილაციის სისტემა (რომელთანაც იქნება დაკავშირებული სამზარეულოს გამწოვი სისტემა, საშრობი მანქანა, ასეთის არსებობის შემთხვევაში და წიგნების თაროს უკანა კედელიც), კონდიცირების სისტემა, გაზგაყვანილობა.

იდეა: თუ თქვენ მელომანი ბრძანდებით, თავიდანვე შეგიძლიათ დაამონტაჟოთ მუსიკალური სისტემაც მძლავრი დინამიკების ქსელით, რომელიც ოთახებში მელოდიის თანაბარ გავრცელებას უზრუნველყოფს.

ელ-გაყვანილობა შემთხვევით არ შემოვინახე ცალკე პუნქტად. საცხოვრებელი ფართის ორგანული და ხარისხიანი განათება ცალკე ხელოვნებაა. ოდესმე აუცილებლად მივუძღვნი ცალკე თემას განათების ძირითად ტიპებს და მათი გამოყენების არეალს. ახლა კი ზოგად საკითხებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:

ნუ დაკიდებთ ჭაღებს ოთახის ცენტრში, არამედ მსხვილი წერტილებით გაანათეთ ცალკეული ფუნქციონალური ზონები. სანათები განათავსეთ: სასადილოს მაგიდის თავზე (თუ მაგიდა გრძელია, რამდენიმე წერტილის მქონე განათების გამოყენება აჯობებს), საწოლის თავზე, კარგად გაანათეთ სამუშაო ზონები: სამზარეულოში სამუშაო მაგიდა, ბავშვების სამეცადინო მაგიდა, ბიბლიოთეკის სამკითხველო კუთხე და ა. შ. რბილი, განაწილებული განათება გამოიყენეთ ტახტების და დივნების გასანათებლად. გამოიყენეთ ტორშერები. გარდა ძირითადი სანათებისა, სასურველია შეიქმნას მეორადი განათებაც კედლების პერიმეტრის გასანათებლად, ასევე ძირითადი ნათების სიმკვეთრის შესარბილებლად. ნუ დაივიწყებთ ბრებსაც – ისინი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ჰოლში და მოსახერხებელია გამოსაყენებლად საძინებელში, თუკი საწოლის ორივე მხარეს განათავსებთ. მიმართული ნათებით გაანათეთ კედლებზე განთავსებული პანოები, ნახატები, სარკეები, ხელოვნების ნიმუშები თუ თქვენ მიერ შექმნილი დეკორაციები. გაითვალისწინეთ, რომ ბრისათვის ოპტიმალური სიმაღლეა იატაკიდან 150-200 სმ.

გარდა განათებისა, თანამედროვე სახლში ელექტროობაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი მოწყობილობა: სამზარეულოში – გაზქურა, ღუმელი, მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკრო-ტალღური ღუმელი, ბლენდერი თუ ხორცსაკეპი მანქანა; საცხოვრებელ ოთახებში – ტელევიზორი (დივიდი გამშვები, დეკოდერი), ინტერნეტის განაწილების აპარატურა (მოდემი, აქსეს-პოინტი), ხმოვანი სიგნალის განაწილების სისტემები, კომპიუტერი; სამრეცხაო ოთახში – სარეცხი მანქანა, საშრობი მანქანა, უთო; სააბაზანოში – თმის საშრობი და ა. შ.

მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ ელ-გაყვანილობის სისტემა, რათა საკმარისი წერტილების უქონლობის გარდა, ზედმეტმა სადენებმაც არ შეგაწუხოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე პატარა ოთახშიც კი მიზანშეწონილია თთო კედელზე თითო დენის როზეტის განთავსება. ამასთან ევროპული სტანდარტებით როზეტი მონტაჟდება იატაკიდან 30 სმ-ის სიმაღლეზე.

7. პროექტის რეალიზაცია.

ამ პუნქტის მოკლედ დახასიათება მხოლოდ შემდეგი სიტყვებით შეიძლება: საქმე მიანდეთ პროფესიონალების გუნდს. ერთი გუნდისა და  ბრიგადირისათვის საქმის ჩაბარება თავიდან აგაცილებთ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა პასუხისმგებლობების ურთიერთგადაბარება. წინასწარ შეათანხმეთ ყველა ფინანსური საკითხი (მ. შ. ნგრევის, ტრანსპორტირების), ვადები, პასუხისმგებლობა და ჯარიმები. აუცილებლად აკონტროლეთ ფინანსები და მასალების ხარისხი.

8. ავეჯის შეტანა.

შევთანხმდეთ, რომ კარგი ხარისხის დიზაინერული ავეჯი ძვირი სიამოვნებაცაა. გამოსავალი შეიძლება ავეჯის ინდივიდუალური დამზადება იყოს. ასეთ შემთხვევაში ნუ ენდობით მხოლოდ რეკლამებს – ნახეთ და შეაფასეთ მწარმოებლის მიერ შესრულებული სხვა შეკვეთები. შეთანხმდით ვადებზე და პირგასამტეხლოზე (!), ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში.

მზა ავეჯის შეძენის შემთხვევაში, დარწმუნდით მის ხარისხში, მოითხოვეთ გარანტია.

იდეა: შეიძინეთ ინტერიერის ძველი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ თქვენს ინტერიერში. სათანადო რესტავრაცია (ხის გაქლიბვა, შეღებვა, ღრუბელის და ტექსტილის გამოცვლა) მას ახალ სიცოცხლეს შთაბერავს, თვითონ კი ინტერიერში კი ხასიათს შემოტანს.

და კიდევ – მხოლოდ ერთმა დიზაინერულმა დეტალმა შეიძლება სრულიად გადაახალისოს ინტერიერი. ასეთ დეტალად შეიძლება იქცეს დიზაინერული სავარძელი, სტელაჟი, მაგიდა, სანათი ან ნახატი.

9. ტექსტილი და დეკორატიული აქსესუარები.

ტექსტილი თქვენს ბინაში ბოლო შტრიხებს შემოიტანს. ტექსტილით შემოდის სითბო, ფერები, განწყობა. ის შეიძლება იმეორებდეს არსებულ ფერთა გამას (ან გამიდან რომელიმე ფერს), ან ინტერიერი დატვირთოს ახალი ფერებით. ტექსტილი წარმოდგენილი შემდეგი ელემენტებით: ფარდები, დეკორატიული ბალიშის პირები, სკამის შალითები, მაგიდის გადასაფარებელი, თეფშების ქვეშ დასაფენები, ქსოვლის ხელსახოცები, ბრები, პირსახოცები, ე.წ. ჩაის ტილოები, ლოგინის გადასაფარებელი, საწოლის ჩარდახი და ა. შ. ტექსტილი სიმრავლე საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გადაათამაშოთ ფერთა პალიტრა და გამოაცოცხლოთ ან შეცვალოთ ინტერიერის ხასიათი.

რაც შეეხება დეკორატიულ აქსესუარებს, გარდა სტანდარტული ვაზებისა, სარკეებისა და სანთლებისა, აქსესუარად შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაზე ორიგინალური ნივთები… მათ გაკეთება საკუთარი ხელითაც შეიძლება, ან უცხოურ ონლაინ მაღაზიებზე შეძლებთ მოძიებას. მთავარია, პასუხობდეს თქვენი ინტერიერის განწყობას.

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s